თალაკვაძე – “გახარიას მომხრე “ოცნების” დეპუტატები უმრავლესობიდან არ გავლენ”

თალაკვაძე - "გახარიას მომხრე "ოცნების" დეპუტატები უმრავლესობიდან არ გავლენ"პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამორიცხავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა იმ დეპუტატებმა დატოვონ, რომლებიც გიორგი გახარიას გუნდის წევრებად მოიაზრებიან.

შესაბამისი განცხადება თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ გააკეთა, რითაც არსებულ მოსაზრებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ გიორგი გახარიამ უმრავლესობიდან გუნდის საკუთარი წევრების გაყვანით შესაძლოა, პოლიტიკური კრიზისი შექმნას, რის შემდეგაც ქვეყანაში ახალი არჩევნები დაინიშნოს.

„მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, მეათე მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ აქვს და ექნება მყარი უმრავლესობა. შესაბამისად, მედიაში ასეთი საუბარი საფუძველს მოკლებულია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება გიორგი გახარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის არც პოლიტიკიდან, არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ მხოლოდ ამ განცხადებიდან გამომდინარე, საკითხზე კომენტარის გაკეთება მისი მხრიდან არასერიოზული იქნება.

„რაც შეეხება გიორგი გახარიას განცხადებას, რომელიც მედიით მოვისმინე, ამასთან დაკავშირებით ახლა მექნება ერთადერთი კომენტარი და შეფასება, ვნახოთ, კონკრეტულად რა გეგმა აქვს მას, რა პარტიას ქმნის, რა პლატფორმას აყალიბებს, ვისთან აპირებს თანამშრომლობას ამ პოლიტიკურ სპექტრში და შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები. ვფიქრობ, მხოლოდ იმ განცხადებით, რაც მან გააკეთა, ჩემი მხრიდან შეფასების გაკეთება სერიოზული არ იქნება“, – განაცხადა თალაკვაძემ.