კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გიოროგ გახარიას პოლიტიკურ მომავალზე საუბრობს.
– რას იტყვით გახარიას დაბრუნებაზე?
– სიახლე ნამდვილად სჭირდება ქართულ პოლიტიკას, მაგრამ არა არსებული თუ ყოფილი პოლიტიკოსების ხელახალი დაბრუნებით. პრემიერობიდან გაშვება და ხელახლა პრემიერად დაბრუნება, არა მგონია, იყოს გამოსავალი.
გახარიას პოლიტიკაში დარჩენა ბევრ რამეზე იქონიებს გავლენას. სრულიად მარტივ მაგალითს გეტყვით: ის იყო პრემიერი და ძალიან ბევრ ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი, ივნისის ამბებიდან დაწყებული, სხვა უამრავი ინფორმაციით დასრულებული, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის, თუმცა, როგორ გამოიყენებს, ჯერ არავინ იცის.
გარდა ამისა, გახარიამ ყველაზე კარგი დრო შეარჩია იმ მასშტაბური პრობლემებისგან გაქცევისთვის, რომლებითაც ცხოვრობს დღეს ქვეყანა. დაგეგმილი ბიუჯეტი, კომენდანტის საათი, ის მიდგომები, რომლებიც დამკვიდრდა თუნდაც 20 ივნისის შემდეგ, რომლებიც მასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ეს ყველაფერი რეალურად “ქართულ ოცნებას” ჩამოჰკიდა. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ოქტომბრამდე მან შეძლოს მნიშვნელოვანი ელექტორალური შედეგის დადება, მაგრამ რამდენიმე მსხვილ ქალაქში ის შეძლებს გარკვეული შედეგების დადებას.
20 ივნისის შემდეგ თბილისი გახარიას ნაკლებად მიიღებს, ცხადია, ელექტორალურ მხარდაჭერას ვგულისხმობ. ამიტომ, უმჯობესი იქნებოდა, გახარიას ძალები ადგილობრივ დონეზე, სამეგრელოში მოესინჯა. თუნდაც ამით გახარია შეძლებს პერსონალური რეიტინგის გაზომვას.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა