“ღარიბაშვილს ფინანსთა მინისტრად რომან გოცირიძე უნდა დაენიშნა” – სოსო ცინცაძე

"ღარიბაშვილს ფინანსთა მინისტრად რომან გოცირიძე უნდა დაენიშნა" - სოსო ცინცაძეპოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.

– ბატონო სოსო, ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის გადადგომას თქვენ რას უკავშირებთ? ოპოზიცია ამბობს, პოლიტიკური კი არა სახელისუფლო კრიზისია ქვეყანაში.

– ძალიან სიმბოლურია ფინანსთა მინისტრის წასვლა ლარის კურსის გათვალისწინებით. მთელ მსოფლიოში ფინანსთა მინისტრი პირდაპირ ეროვნულ ვალუტასთან არის მიბმული. შეუძლებელია, ეროვნული ვალუტა ამ დღეში იყოს და ფინანსთა მინისტრი ან დაწინაურდეს, ან, უბრალოდ, კარგ ხასიათზე იყოს. ეროვნული ვალუტა ქვეყნის ცხოვრების არტერიაა. მის სიმტკიცეზეა დამოკიდებული სახელმწიფოს სიჯანსაღე.

ღარიბაშვილმა მაჭავარიანის შემცვლელად მისი მოადგილე დაასახელა. პრემიერის მხრიდან ბევრად უფრო ჭკვიანური სვლა იქნებოდა თუ ამ ადგილს ოპოზიციას შესთავაზებდა, მაგალითად, რომან გოცირიძეს ან ლადო პაპავას. დარწმუნებული ვარ, არც ერთი არ დათანხმდებოდა, მაგრამ ღარიბაშვილის მხრიდან ეს პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა. მას ექნებოდა სათქმელი არა მხოლოდ ოპოზიციისთვის, ჩვენი დასავლელი მომლაპარაკებლებისთვისაც. თავის დროზე შევარდნაძემ ეს გააკეთა. იუსტიციის მინისტრობა ჯერ გია ბარამიძეს შესთავაზა, ის რომ არ დათანხმდა, მერე სააკაშვილს.

ახალი მინისტრი 7 წელია მოადგილეა. ეს ნიშნავს, რომ საერთოდ უპრინციპოა ან მაღალი დონის პროფესიონალი, მაგრამ მინისტრის პოზიციას იზიარებს. ამ გადმოსახედიდან ძალიან მეეჭვება, რომ ახალმა მინისტრმა ხუციშვილმა რამე შეძლოს. წარმატებული იყოს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა