გიორგი ვაშაძე – „გამარჯვებას, რომელიც მოვიპოვეთ, ჩავაბეტონებთ“

გიორგი ვაშაძე - „გამარჯვებას, რომელიც მოვიპოვეთ, ჩავაბეტონებთ“„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელთან შეხვედრაზე შეთანხმების დოკუმენტის იმპლემენტაციის ყველა დეტალი დაზუსტდა.

როგორც ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, შეთანხმებას, რომელიც „დასავლელი პარტნიორების იძულებით საქართველომ შეძლო“, ყველა ერთად უნდა გაუფრთხილდეს და მთავარი აქცენტი მის განხორციელებაზე გაკეთდეს.

ამასთან, ვაშაძე განმარტავს პროცედურებს, რითაც შეთანხმების მიხედვით, ნიკა მელიას გათავისუფლება და გიორგი რურუას შეწყალება მოხდება. მისივე თქმით, ამნისტიის კანონი მხოლოდ იმ საქმეებს შეეხება, რაზეც გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

„შარლ მიშელის გუშინდელი დაუგეგმავი ჩამოსვლა კარგად აჩვენებს, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ძალიან ფართოდაა გაღებული და ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ. გუშინ ბოლო შეხვედრაზე, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, დაზუსტდა ყველა დეტალი იმპლემენტაციის, რაზეც საზოგადოებაში იყო კითხვები. ვფიქრობ, ეს იყო ზემნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ყველა კითხვაზე გაგვეცა პასუხი.

ახლა ჩვენ, საპარლამენტო ჯგუფი ოპოზიციის მხრიდან, ვამუშავებთ ამნისტიის კანონის პროექტს, რომელიც ვრცელდება მხოლოდ იმ საქმეებზე, რომელიც ამჟამადაა გამოძიებაში და სპეკულაციები იმაზე, რომ ვიღაცაზე მომავალშიც გავრცელდება, ერთხელ და სამუდამოდ დახურულია. ეს კანონი გავრცელდება მხოლოდ იმ მუხლებზე, რომლითაც ახლა არიან ადამიანები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულნი.

სამშაბათს ეს კანონპროექტი უნდა დარეგისტრირდეს პარლამენტში და იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ დაადასტურებს, რომ ის ამ ინიციატივას ხელს მოაწერს. როგორც კი მოხდება ამ პროცესის რეალიზება, სამშაბათს, ქალბატონმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის მყისიერად გამოიყენებს შეწყალების პროცედურას და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს სამშაბათს.

გარდა ამისა, ვაშაძის აზრით, ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ პარლამენტში დანარჩენი პარტიებიც შევლენ.

„მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, მოდით ამ საერთო გამარჯვებაში გავერთიანდეთ და ჩავითვალოთ ეს გამარჯვება, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ევროპული კურსის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის და რაც მთავარია, ქართველი ხალხის გამარჯვებად. ვფიქრობ, ამის სრული რესურსი გვაქვს. ძალიან მყარი ვარ ჩემს პოზიციებში და ამ გამარჯვებას, რომელიც მოვიპოვეთ, ჩავაბეტონებთ კონკრეტული ცვლილებებით, კანონით. ამას უკან ვერ წაიღებს ვერც „ქართული ოცნება“ და ვერც ერთი ის ადამიანი, ვინც ხელს აწერს დოკუმენტს.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, როგორც კი ამნისტიის კანონი იქნება მიღებული და ნიკა მელია თავისუფალი იქნება, ისინიც შემოვლენ პარლამენტში და გააგრძელებენ საპარლამენტო საქმიანობას. ამით ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია“,- განაცხადა ვაშაძემ.