გიორგი ვაშაძე თბილისის მერის არჩევნებზე ნიკა მელიას კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს

გიორგი ვაშაძე თბილისის მერის არჩევნებზე ნიკა მელიას კანდიდატურას მხარს არ დაუჭერსსტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ დიდი ალბათობით, თბილისის მერის არჩევნებზე ნიკა მელიას მისი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა არ ექნება – ამის შესახებ ვაშაძემ ღამის კურიერში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თქვა, თუ ენმ-მ ნიკა მელია შესთავაზა გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატად, დაუჭერს თუ არა მას მხარს.

“ის ვერ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, ის არის “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი. ამიტომ დიდი ალბათობით, გადაწყვეტილად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს და მე შევეცდები, რომ სხვაგან ვეძიო კანდიდატები, რომლებიც საინტერესო იქნება თბილისისთვის. აქ პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემზე არაა საუბარი, ყველაზე ნაკლებად ჩემზე ვფიქრობ. მე უფრო მინდა ვითამაშო როლი, რომ გადავწიო ჩემი პერსონალური ამბიცია.

ხალხიც დაიღალა, 9 წლის მანძილზე ეს პოლარიზებული პროცესი არასწორია, მაგრამ მთავარია ახლა, რომ ნიკა მელია გამოვიდეს საპატიმროდან და ამის მერე უფრო მეტად გვექნება ამაზე ღიად საუბრის შესაძლებლობა. კაცი ციხეშია, პოლიტპატიმარია და არასწორია ამაზე დეტალებში შევიდეთ”. – თქვა გიორგი ვაშაძემ.