ლევან ალაფიშვილი – “ქართულ ოცნებაში” იციან, რომ ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია”

ლევან ალაფიშვილი - "ქართულ ოცნებაში" იციან, რომ ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია"კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ჯერ საპარლამენტო უმრავლესობა არ დაშლილა, მაგრამ “ქართული ოცნების” შემადგენლობა როგორც კი 76 მანდატს ჩამოსცდება, კონსტიტუციური საფუძველი შეიქმნება ახალი მთავრობის ფორმირების, რისი შესაძლებლობაც ვეღარ იარსებებს, თუკი პარლამენტში არ იქნება 76-მანდატიანი საპარლამენტო უმრავლესობა.

– და ამ დროს ინიშნება ვადამდელი არჩევნები?

– ამ შემთხვევაში დღის წესრიგში დგება არა მხოლოდ პოლიტიკური ლეგიტიმაციის საკითხი, არამედ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი, რადგან პარლამენტი უუნაროა, შექმნას მთავრობა.

– აქეთკენ მიდის ყველაფერი?

– სავარაუდოა, რომ პროცესები სწორედ ასე განვითარდეს. რეალურად, საქართველოში არც ერთი მთავრობა, პოლიტიკური სუბიექტი ორ ვადაზე მეტხანს არ ყოფილა ძალაუფლებაში. ქართველი ამომრჩეველიც ითმენს, ითმენს და როდესაც ბრაზდება, სერიოზულად ბრაზდება და იღებს გადაწყვეტილებას. ხშირად ეს გადაწყვეტილება შეიძლება ირაციონალურიც კი იყოს და ხშირად ამას პოლიტიკური ჯგუფები არაკეთილსინდისიერადაც კი იყენებენ, მაგრამ ფაქტია, ამომრჩეველი ასე იქცევა.

– “ქართული ოცნება” რამდენად შეეგუება ამ ყველაფერს?

– მმართველ პოლიტიკურ ძალაში ძალიან კარგად იციან, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალია. მშვენივრად ხვდებიან “ქართულ ოცნებაში”, რომ ეს პარლამენტი ამ ლეგიტიმაციითა და ამ პოლიტიკური კაპიტალით 2024 წლამდე ვეღარ მიაღწევს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა