ლევან ბერძენიშვილი – “უცნობმა უღალატა ქართველ ხალხს და მერე სააკაშვილმა ის გადააგდო”

ლევან ბერძენიშვილი - "უცნობმა უღალატა ქართველ ხალხს და მერე სააკაშვილმა ის გადააგდო"რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ 9 აპრილის მითვისება უცნობის და მის უკან მდგომი ხელისუფლების მიერ წარმოუდგენელია:

– უცნობის აქციაზე ძირითადად ხელისუფლების დაბალი რანგის მოხელეები იყვნენ თავმოყრილი. შესაძლოა ვიღაცა გულწრფელიც იყოს და თქვას, რომ ამ ხელისუფლებას მხარს უჭერს, მაგრამ ამისთვის 9 აპრილი არ არის საჭირო. 9 აპრილის ამბავში ნუ შეგვეჯიბრებიან.

არ ჩანდა უცნობი ამდენი ხანი და ახლა რაღაც გაუჭირდათ და დახმარების ხელი ითხოვეს. თუ ხელისუფლება ასეთი მოქალაქეების იმედზეა, ძალიან სამარცხვინოა.

– უცნობი სააკაშვილის ხელისუფლებასთანაც იყო კავშირში?

– სააკაშვილის ხელისუფლებასთან მოხდა მისი გარიგება. სიხშირის ხათრით მან უღალატა ქართველ ხალხს და ვითომდა თავის იდეალს. ეს ორჯერ ორი ოთხია და დამტკიცებული ამბავია. არა მარტო მან, არამედ მისმა ძმამაც, ამიტომ არა მგონია, რომ ამის შემდეგ მას რამე ესაქმებოდეს პოლიტიკაში.

– ანუ პრინციპები გაცვალა ფულზე?

– რაზე გაცვალა, არ ვიცი – ფულზე, გავლენაზე თუ სიხშირეზე ან ტელევიზიაზე. მერე გადააგდო სააკაშვილმა, რომელიც არ იყო ის კაცი, რომ გია უცნობის ჭკუაზე ევლო. ამის გამო ნაწყენები არიან ძმები გაჩეჩილაძეები სააკაშვილზე. სააკაშვილს ბევრი ნაკლი ჰქონდა, მაგრამ ეს თუ ასე იყო, კარგი უქნია.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა