“სალომე სამადაშვილი ნაციონალურ მოძრაობას უნდა გაემიჯნოს” – მურმან დუმბაძე

"სალომე სამადაშვილი ნაციონალურ მოძრაობას უნდა გაემიჯნოს" - მურმან დუმბაძე“მე შერიგების წინააღმდეგი არ ვარ. უნდა შევრიგდეთ და შეთანხმებას ხელი უნდა მოვაწეროთ, მაგრამ, თუ “ოცნება” ისევ “გადაგვაგდებს”, მერე რას ვშვრებით?!” – აცხადებს “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მურმან დუმბაძე.
– ბატონო მურმან, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ “ოცნებას” უნდა, ყველას ყველაფერი ჩამორეცხოს. ის კითხულობს, გვიღირს კი მეორე კანონპროექტის დარეგისტრირება? როგორი უნდა იყოს პარლამენტში შესული ოპოზიციის შემდეგი ნაბიჯი?
– ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლამდე პარლამენტში შესვლის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. მისი გათავისუფლების შემდეგ შეიძლებოდა შესვლაზე ფიქრი. თუმცა ჯერ კიდევ არ არის გვიან. “ქართული ოცნება” ამნისტიის კანონს ყველა შემთხვევაში მიიღებს, რადგან ეს მას უნდა. “ქართულ ოცნებას” 90 დეპუტატი ჰყავს და ამ კანონპროექტს მიიღებენ ოპოზიციის გარეშეც.
თუმცა ზურა ჯაფარიძეს ვეთანხმები, რომ საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილებით უნდა გაგრძელდეს შემდეგი ნაბიჯის გადადგმა. ამაში ჩართული უნდა იყოს არა მხოლოდ ის, ვინც პარლამენტში შევიდა, არამედ, ვინც გარეთ დარჩა, ნაციონალური მოძრაობა.
მე შერიგების წინააღმდეგი არ ვარ. უნდა შევრიგდეთ და შეთანხმებას ხელი უნდა მოვაწეროთ, მაგრამ, თუ “ოცნება” ისევ “გადაგვაგდებს”, მერე რას ვშვრებით?! მე ვერ ვურიგდები იმ ადამიანებს, რომლებმაც ანტისაოკუპაციო მიტინგი დაარბიეს და ახალგაზრდებს დამიზნებით თვალებში ესროლეს. ამას ვერ შევურიგდები! არ შეიძლება, ეს გზავნილი გავუგზავნოთ ახალგაზრდებს.
“ქართული ოცნებიდან” მაქვს ინფორმაცია, რომ 20 ივნისის ღამის ყველა მონაწილის დამრბევის, დამკვეთის, შემსრულებლის შეწყალებას აპირებენ. აქ საუბარი არ არის მხოლოდ სამ პოლიციელზე. ესაა საქმე.
– დავით ზურაბიშვილს ჰქონდა მოსაზრება, რომ 16 სამოქალაქო პირია მსჯავრდებული 20 ივნისის საქმეზე და მათი ამნისტირება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სამი პოლიციელის ოდესღაც დასჯა რომელიმე ხელისუფლების პირობებში.
– გასაგებია, რომ ამ სამი პოლიციელიდან არც ერთი არ არის ციხეში, მათ გირაო შეუფარდეს, მაგრამ ძაღლის თავი სწორედ აქ არის დამარხული. “ქართულმა ოცნებამ” იცის, რომ ის მუდამ ვერ იქნება და რომ დამარცხდება. რვა წლის თავზე ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვეღარ შეინარჩუნა საქართველოში ძალაუფლება. ვერც “ოცნება” შეინარჩუნებს. ამიტომ ამნისტიის კანონი ხელისუფლებას უფრო აწყობს, ვიდრე ოპოზიციას.
20 ივნისის საქმის საბოლოოდ ჩაფარცხვა და დახურვა შეიძლება დღეს “ქართული ოცნების” ყველაზე დიდი ამოცანაა. საუბარია ანტისაოკუპაციო მიტინგზე, რომელიც 30 წლის განმავლობაში საქართველოში არ გამართულა. ეს არ იყო მორიგი მიტინგი, რომელიც, მაგალითად, დაარბიეს 7 ნოემბერს, 26 მაისს და ა.შ. საუბარია ანტისაოკუპაციო მიტინგზე, ოკუპანტთან კოლაბორაციის წინააღმდეგ აქციაზე, სადაც ახალგაზრდებს სრული სისასტიკით გაუსწორდნენ, თვალები დასთხარეს. ამიტომ, ვის უფრო სჭირდება ამნისტია, ნიკა მელიას თუ “ქართულ ოცნებას”?! ნიკა მელია რომ ციხიდან გამოვა, აქ ორი აზრი არ არსებობს. ის ძალიან მალე გარეთ იქნება.
– ნიკა მელიამ, როგორც მასთან შესულმა სალომე სამადაშვილმა თქვა, ახლა ოპოზიციის ერთობა ყველაზე მნიშვნელოვანიაო. როგორ ფიქრობთ, რამდენად არის შესაძლებელი?
– რთული საკითხია. როგორ განვითარდება მოვლენები, ვნახავთ. რაც შეეხება სალომე სამადაშვილს, მე ვფიქრობ, რომ ის ნაციონალურ მოძრაობას უნდა გაემიჯნოს. ამომრჩევლის მიმხრობას წლები სჭირდება, დაკარგვას კი – წუთები.

ნათია ხურცილავა