შალვა შავგულიძე პარლამენტში შედის

შალვა შავგულიძე პარლამენტში შედისპარლამენტის არჩეული დეპუტატის, შალვა შავგულიძის განცხადებით, სასურველია, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში მცირედი კორექტირება შევიდეს, თუმცა, თუ ეს არ მოხდა, ის კრიზისის განსამუხტად დოკუმენტს ხელს მაინც მოაწერს.

როგორც მან „ინტეპრესნიუსს“ განუცხადა, ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ დასავლურ სტრუქტურებთან დაპირისპირებაში ხელი არ უნდა შეუწყოს.

„ვფიქრობ, რომ შარლ მიშელის წინადადებები გარკვეულ დახვეწას საჭიროებს, მაშინ იქნება ძალიან კარგი. რაღაც დახვეწა სჭირდება რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტპატიმრების თემას, ცოტა სიზუსტის შეტანა. ვფიქრობ, რომ ეს მცირედი ცვლილები განხორციელდება. თავისი არსით, რა თქმა უნდა, ეს ბოლო შემოთავაზება არის ის შემოთავაზება, რომელსაც კრიზისის განმუხტვა შეუძლია და მე მხარს დავუჭერდი მას. სასურველი იქნება მცირედი დახვეწა, უფრო თვალსაჩინო და გასაგები რომ იყოს და „ქართულ ოცნებას“ არასწორი ინტერპრეტირების საშუალება არ მიეცეს. რიგგარეშე არჩევნების მიბმა ადგილობრივ არჩევნებთან პრინციპულად არასწორად მიმაჩნია, რადგან სულ სხვაა საპარლამენტო არჩევნები. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, რურუასთან დაკავშირებით ყველაზე სწრაფი გზა არის შეწყალება, თუმცა, ნიკა მელიასთან დაკავშირებით ისევ გირაოს გადახდაზე აქცენტირება, გაუმართლებელია. გირაოს გარეშე უნდა მოხდეს ნიკა მელიას საკითხის გადაწყვეტა. ეს კორექტირებები არის საჭირო.

მე ძალიან ვისურვებდი, რომ ეს კორექტირებები იყოს, მაგრამ თუ არ მოხდება ასეთ შემთხვევაში, მე ამ დოკუმენტს ხელს მოვაწერ და შესაბამისად, შევალ პარლამენტში“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.