ანზორ ბიწაძე – “ოცნებამ” ვერ უნდა აიღოს ეს გაუგებარი 43%”

ანზორ ბიწაძე - "ოცნებამ" ვერ უნდა აიღოს ეს გაუგებარი 43%"ანზორ ბიწაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიცია არასწორ პუნქტზე დათანხმდა, რომელიც ეხებოდა 43%-იან ზღვარს, რამაც უნდა მოიტანოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

– შესაძლებელია, “ქართულმა ოცნებამ” მარტივად აიღოს 43%?

– რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ასევე, თუ ოპოზიცია არ იქნება თანმიმდევრული, რაღაც ფორმით მაინც ერთიანი, ბუნებრივია, “ოცნებას” ამ პროცენტის აღება ძალიან გაუადვილდება იმიტომ, რომ ეს არის ადგილობრივი არჩევნები და პრინციპულად არასწორია ადგილობრივ არჩევნებზე მიბმა ასეთი საკითხის. ეგეც არ იყოს, საიდან მოვიდა ბუნებაში ეს 43%? თუ რეფერენდუმის სახეს ვაძლევთ ჩვენ ამ პროცესს, მაშინ რა გამოდის, 43%-ს თუ აიღებს “ოცნება”, ხოლო დანარჩენ მოსახლეობას მაინც ვადამდელი არჩევნები უნდა, არ დაინიშნება?!

– არ უნდა დათანხმებოდნენ?

– არა. უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იყო ამაზე დათანხმება, ნებისმიერ შემთხვევაში. ამის მიუხედავად, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ იმას, რომ “ოცნებამ” ვერ აიღოს ეს გაუგებარი 43% და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.

– პარლამენტში შესულ ოპოზიციას დიდად აღარ ეტყობა, რომ ვადამდელი არჩევნების სურვილი ჰქონდეს.

– თუკი ისინი არ იბრძოლებენ ვადამდელი არჩევნებისთვის, მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ არათუ პარლამენტში შესვლა, არამედ, საერთოდ ბოლო მონაწილეობა იქნება მათი პოლიტიკურ პროცესში.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა