ეკა ბესელია – „მალე სასამართლო კლანს ივანიშვილიც ვეღარ გააკონტროლებს“

ეკა ბესელია - „მალე სასამართლო კლანს ივანიშვილიც ვეღარ გააკონტროლებს“ეკა ბესელია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სასამართლოში გავლენები და კლანური მმართველობა “ოცნებასთან” არის ასოცირებული:

– შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს ვერ გააკონტროლოს „ქართულმა ოცნებამ“ საბჭო და ვერ გააკონტროლოს საბჭოს კანონს მიღმა ინტერესების რეალიზება, რასაც ჩვენ ვხედავთ. დღეს თუ ისინი ერთად არიან და აქამდე თანამშრომლობდნენ, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს კლანი იმდენად გაძლიერდეს, რომ მმართველი პარტიისთვისაც გახდეს ერთგვარი თავისტკივილი. იმდენად შორს გაიდგა ფესვები საბჭომ, რომ „ოცნებისთვისაც“ კი შეუძლებელი გახდება კონტროლი.

– მოსალოდნელია, რომ ივანიშვილმაც ვეღარ მართოს საბჭო?

– კი, შესაძლოა, ასეც მოხდეს.

– დღეს რაც ხდება და რასაც აპირებენ, ეს არ იქნება „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებული?

– დღეს რაც ხდება, იმაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ზოგადად ვხედავ პრობლემას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ „ქართულ ოცნებასა“ და სასამართლოს გავლენიან ჯგუფს შორის ძალიან მყარი კონტრაქტია. ჯერჯერობით მმართველი პარტია ხელს არ უშვებს ამ უკანონო ტიპის კონტრაქტსა და გავლენებს, რადგან მასზე დგას. ამიტომ, როგორც ჩანს, ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა