კახა ოქრიაშვილი – “გადადგეს დმანისისა და ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელობა!”

კახა ოქრიაშვილი - "გადადგეს დმანისისა და ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელობა!"დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კახა ოქრიაშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა:

„მსურს, გამოვეხმაურო 16 მაისს, ქალაქ დმანისში განვითარებულ მოვლენებს.

სამწუხაროდ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული ინციდენტი, მოგვიანებით სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რამაც ზოგიერთ მხარეს ინტერპრეტირების საშუალება მისცა. პირველ რიგში, ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავოს ამ ყოფითი კონფლიქტის სხვა ჭრილში წარმოჩენისა და მკვეთრი განცხადებებისაგან.

ვგმობ ნებისმიერი ტიპის ძალადობას და ასევე, მოვუწოდებ ჩვენს სამართალდამცავ და საგამოძიებო სტრუქტურებს, უსწრაფესად გამოიძიონ დანაშაული და კანონის წინაშე პასუხი აგოს ყველა მოძალადემ.

აქვე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ კრიმინალური დაჯგუფებების შექმნა, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ იყო წახალისებული, ხელს უწყობდა და ახლაც უწყობს ამ ტიპის დაპირისპირებების გაღრმავებას. მოსახლეობაში გაჩნდა და გაღვივდა დაუსჯელობის სინდრომი.

განვითარებულ მოვლენებზე მთელი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, ხოლო სამართლებრივი – სრულიად უმოქმედო სამართალდამცავ ორგანოებს.

მოვითხოვ, გადადგეს დმანისისა და მთელი ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელობა! ისინი დაუყოვნებლივ დათხოვნილი უნდა იქნან პოლიციის რიგებიდან“.