“კობახიძე გახარიას კრიტიკით მას რეიტინგს აუწევს” – რამაზ საყვარელიძე

"კობახიძე გახარიას კრიტიკით მას რეიტინგს აუწევს" - რამაზ საყვარელიძეპოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარია იქნება დასავლეთზე მკაფიოდ ორიენტირებული ძალა.

– ვრცელდება ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით. საუბარია დავით კეზერაშვილზე. თუმცა, გუნდი ამ ინფორმაციას უარყოფს. 

–  კეზერაშვილი უფრო სკანდალის ნაწილი მგონია, სკანდალისთვის შექმნილი ვერსია. არა მგონია, გახარიას მაინცდამაინც კეზერაშვილი აერჩია დამფინანსებლად ან კეზერაშვილს გადაეწყვიტოს მისი დაფინანსება.

გახარია კარგად იცნობს ქართულ ეკონომიკურ სივრცეს. ბოლოს და ბოლოს, ბიზნესომბუდსმენი იყო და ამით დაიწყო მან კარიერა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში. ამიტომ, არ მგონია გაუჭირდეს დაფინანსების წყარო მოიძიოს.

ამ არჩევნებზე გახარიამ უნდა შეძლოს ახალი პოლიტიკური ძალის თუ ცენტრის ფორმირება. სწორედ ამ განწყობით უყურებს მას საზოგადოების რაღაც ნაწილი. ოქტომბრის არჩევნებზე მან უნდა შეძლოს, რომ მოიპოვოს რეალური ალტერნატივის იმიჯი. ეს არ იქნება მარტივად მისაღწევი საქმე.

– კობახიძემ გახარიას მატყუარა უწოდა

– ვერ ვიტყოდი, რომ ირაკლი კობახიძის სტილი მომგებიანია “ქართული ოცნებისთვის”. ეს სტილი გახარიას რეიტინგს აუწევს და არა, პირიქით. ამით კობახიძე გახარიას წისქვილზე დაასხამს წყალს და არა – “ოცნების”. მათ თუ გახარიას დამარცხება უნდათ, მაშინ პირიქით უნდა იმოქმედონ. უნდა გააცნობიეროს “ოცნებაში” ბევრმა ეს შეცდომები. ასეთი შეცდომები “ოცნებას” ვერ უწევს მაინცდამაინც კარგ სამსახურს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა