კობახიძის, კუჭავას და ჩიქოვანის ამერიკაში ვოიაჟი 31.315 ლარი დაგვიჯდა

კობახიძის, კუჭავას და ჩიქოვანის ამერიკაში ვოიაჟი 31.315 ლარი დაგვიჯდასამი დეპუტატის ირაკლი კობახიძის, ირაკლი ჩიქოვანის და კახაბერ კუჭავას აშშ-ში, ვაშინგტონში ვიზიტისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 31 315 ლარი დაიხარჯა. სამივლინებო ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია „ბათუმელებმა“ პარლამენტიდან გამოითხოვა.

პარლამენტის სამი წევრი „ქართული ოცნებიდან“, მათ შორის, ამ პარტიის თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე და პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე ვაშინგტონში 12 აპრილს ჩავიდა.

საჯარო ინფორმაციის მიხედვით, სამ დეპუტატს შორის ყველაზე ძვირი ირაკლი კობახიძის ფრენა დაჯდა – 10 593 ლარი. ირაკლი ჩიქოვანის ფრენა ასევე ვაშინგტონში 3 565 ლარი დაჯდა, ხოლო კახაბერ კუჭავასი – 2 851 ლარი.

პარლამენტის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა, დავით ჭურაძემ „ბათუმელებს“ განუმარტა, რომ ამ სხვაობის მიზეზი ისაა, რომ კახაბერ კუჭავა ვაშინგტონიდან სტრასბურგში წავიდა სხვა მივლინებით, ირაკლი კობახიძემ კი, ამავე ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონიდან ბრიუსელში გამოიარა.

„ეს გზა ვაშინგტონიდან ბრიუსელამდე ღირდა უფრო ძვირი, არ ვიცი რატომ,“ – ამბობს დავით ჭურაძე. მისი მტკიცებით, ირაკლი კობახიძეს ან რომელიმე სხვა პარლამენტარს ბიზნესკლასით არ უსარგებლიათ.

რაც შეეხება სასტუმროს ხარჯს: კახაბერ კუჭავამ სასტუმროში 2 457 ლარი დახარჯა, ირაკლი კობახიძემ – 3 072, ხოლო ირაკლი ჩიქოვანმა – 3 072 ლარი.

დეპუტატებმა მიიღეს სადღეღამისო ხარჯიც: ირაკლი ჩიქოვანმა 2 078,76, კახაბერ კუჭავამ – 1 843 ხოლო ირაკლი კობახიძემ – 1 781 ლარი.

დეპუტატები ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში 12-17 აპრილს იმყოფებოდნენ.