ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის

ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდისბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის. ამის შესახებ მან “თბილისი მარიოტში” გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“მივიღე ჩემთვის პირად ჭრილში ძალიან მძიმე გადაწყვეტილება,რომ დავემშვიდობო ჩემთვის საყვარელი კერძო პირის მდგომარეობას, გადავდგა ნაბიჯი, შემოვიდე და მონაწილეობა მივიღო ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩემი გადაწყვეტილების ძირითად მიზეზად მოგვევლინა ის ფაქტი, რომ ქვეყანა შესულია პერმანენტული კრიზისის პირობებში, როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, ისე კულტურული, სოციალური, იდეოლოგიური თვალსაზრისით”, – აცხადებს ლევან ვასაძე.

ამასთან, მისი თქმით, ახდა ყველა ის პროგნოზი, რომელიც საჯაროდ არაერთხელ გააკეთა, “ჯერ კიდევ შარშან, სანამ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა”.

“უკვე ლეგენდარულ მასშტაბში ასული ჩვენი ურთიერთსიძულვილის და ურთიერთდაპირისპირების ანტიკულტურა, ექსტრემისტული თავდასხმები ერთმანეთზე, ჩვენი ქვეყნის ძირითად ინსტიტუტებზე უკვე გახდა ყოველდღიური რეალობა და ამ რეალობიდან ერთად უნდა ვეძებოთ გამოსავალი.

ჩვენ ვართ ბევრად უარესად, ვიდრე ვიქნებოდით, პანდემიის მიუხედავადაც კი, რომ არა ის დესტრუქციული პოლიტიკური რეფორმა, რომლის შედეგადაც, პრაქტიკულად ქვეყანაში მოშლილია სახელისუფლებო გადაწყვეტილებების მიღების მწყობრი სისტემა”, – თქვა ლევან ვასაძემ.
მისი თქმით, ქვეყნისთვის ერთადერთ პროდუქტიულ სისტემაზე – ხალხის მიერ პირდაპირ არჩეულ პრეზიდენტის ინსტიტუტზე უარი ვთქვით.

“ბოლო წვეთი იყო დანიელსონის დოკუმენტად ცნობილ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა როგორც “ქართული ოცნების” ისე გაერთიანებული ოპოზიციის უმრავლესობის მხრიდან”, – თქვა მან
მისი აზრით, დოკუმენტი ქვეყნის სუვერენიტეტს ხელყოფს და ამცირებს.

ვასაძე აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელსაც ერქმევა – “ერთობა, რაობა, იმედი”.

ვასაძის თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობა მომავალში, დიდი ალბათობით, პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნება.