“ნაცმოძრაობა მიშას და მელიას მხარდამჭერებადაა გაყოფილი” – მამუკა გამყრელიძე

"ნაცმოძრაობა მიშას და მელიას მხარდამჭერებადაა გაყოფილი" - მამუკა გამყრელიძეექსპერტი მამუკა გამყრელიძე “ახალ თაობასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ნაციონალები ერთს ამბობენ, მეორეს აკეთებენ და მესამეს ფიქრობენ.

– ყველა დაიღალა ამით. ჩამოვალ – არ ჩამოვალ, შევალთ – არ შევალთ. დღეს ნაციონალურ მოძრაობას ორად ჰყავს გაყოფილი მხარდამჭერი, ერთია მიშას მხარდამჭერი, რომელიც საკმაოდ დიდი ჯგუფია და საკმაოდ ანგარიშგასაწევი. არის ასევე მეორე ნაწილი, რომელსაც სიახლე უნდა.

– ანუ ეს არის მელიას ჯგუფი?

– კი, ამას დავარქვათ მელიას ჯგუფი. რომელიც უფრო პროგრესულია და რაღაც სიახლე უნდა. თუმცა, გადასარევად ხვდება მელია, რომ იმ დიდი ჯგუფის გარეშე, რომელიც ე.წ. მიშისტები არიან, ძალიან დაასუსტებს ნაციონალურ მოძრაობას. თუ გახლეჩისკენ წავა სიტუაცია, ეს საერთოდ დაღუპავს ნაციონალურ მოძრაობას და მთლიანად ოპოზიციისთვის ცუდი იქნება.

– ანუ უკრაინაში ჩასვლით მელიამ მიშას უპირატესობა აღიარა?

– რაღაც რევერანსი იყო მიშას მიმართ და მანაც შეიფერა. იქ კი გაკეთდა განცხადებები, რომ აი ჩვენ ერთიანები ვართ და გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ მე არანაირად არ მჯერა ამის. ეს პაექრობა მათში ორგანულად იქნება. ეს არის თაობების დაპირისპირება.

– შევლენ თუ არ შევლენ პარლამენტში, უკვე წაგებულები არიანო. თქვენც ასე ფიქრობთ?

– კი, ასეა. კალაძისა არ იყოს, შევლენ – ცუდია, არ შევლენ – ცუდია. კი, ასეა. ჰოდა, თუ მაინცდამაინც უნდა ინანონ, ადგნენ და შევიდნენ.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა