“ქართულმა ოცნებამ” შეიძლება ვადამდელი არჩევნები დანიშნოს” – რამაზ საყვარელიძე

"ქართულმა ოცნებამ" შეიძლება ვადამდელი არჩევნები დანიშნოს" - რამაზ საყვარელიძეპოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ლევან ვასაძე და გიორგი გახარია ხმებს “ქართულ ოცნებას” წაართმევენ:

– მიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვადამდელი არჩევნები დაუშვას, რათა ბევრად უფრო ძლიერი პოზიციებით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ან საერთოდ ვერ შევიდეს პარლამენტში, ან ძალიან სუსტად შევიდეს.

რაც შეეხება ლევან ვასაძესა და გიორგი გახარიას, ჯერ მკაფიო სურათი მხოლოდ ლევან ვასაძესთან დაკავშირებით არსებობს. მან უკვე განაცხადი გააკეთა და გასაგებია, ვისზე გააკეთებს ის აქცენტს.

– ვინ შეიძლება იყოს მისი ამომრჩეველი, საზოგადოების კონსერვატორი ნაწილი და ეკლესიის მრევლის ნაწილი?

– რა თქმა უნდა. საქართველოში ეს მიმართულება მით უფრო მომგებიანია. მეორე, არ გამოვრიცხავ, რომ ვასაძისკენ წავიდეს “პატრიოტთა ალიანსის” ამომრჩეველიც, რადგან, როგორც ვხედავთ, დღეს ისინი გაჩერებული არიან. მათ უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე.

– ამ ფლანგზე ვასაძის გამოჩენით ჩანაცვლება მოხდა?

– ვერ გეტყვით. რამდენიმე დღის ფაქტია ვასაძის პოლიტიკაში შემოსვლა, “პატრიოტთა ალიანსი” კი კარგა ხანია არ აქტიურობს. ცხადია, ვასაძე ეცდება, ამ ხმებზე იმუშაოს და ეს ფლანგი დაიკავოს.

– გახარიას რატომ აგვიანდება განაცხადის გაკეთება, რას შეიძლება ელოდებოდეს?

– მართლაც დააგვიანდა, მაგრამ, არ გამოვრიცხავ, რომ ის ერთგვარი პოლიტიკური მოზიაკის დალაგებას ელოდება. ამ დაგვიანებით გახარიას ჯერ არაფერი წაუგია. ვასაძის შემოსვლით ოპოზიციური ძალების სპექტრი გამოიკვეთა. ამ სპექტრში გახარია კიდევ უფრო ნათლად დაინახავს თავის ადგილს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა