რატომ არ ურტყამს კალაძე გახარიას?

რატომ არ ურტყამს კალაძე გახარიას?კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარია “ქართული ოცნების” ნერვებზე თამაშობს:

– მას დააწყებინა ისეთი მოქმედება, როგორიცაა რეგიონებში საჯარო სამსახურებიდან ადამიანების გათავისუფლება. “ოცნების” ყველა ლიდერი, კალაძის გარდა, გახარიას წინააღმდეგ გამოვიდა.

– კალაძე არ ურტყამს გახარიას?

– არსად შემინიშნავს, რომ კალაძეს რაიმე კრიტიკული ეთქვას გახარიას მისამართით.

– შესაძლოა, კალაძე გახარიასთან წავიდეს?

– კალაძეს არაფერში სჭირდება გახარიასთან წასვლა. გახარიამ შეიძლება მოინდომოს თავის გუნდში კალაძე, კალაძეს კი არაფერში სჭირდება მასთან წასვლა. “ქართულ ოცნებაში” დღეს კალაძე ყველაზე ძლიერი ფიგურაა. მას შეუძლია, დამოუკიდებელი თამაში წამოიწყოს და სულ ჩამოაქციოს “ოცნება”. ყველა ინატრებს კალაძესთან წასვლას. კალაძე თუ ცალკე წავიდა, აქეთ ცალკე გახარია და “ოცნებას” არანაირი შანსი არ რჩება, 43% კი არა, 30% რომ აიღოს.

– რას ელით?

– გახარია არ არის ივანიშვილის პროექტი. სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელმაც გადაუარა შევარდნაძეს, როდესაც ის მისი ბუდიდან გადმოფრინდა, გახარია ამას არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებს.

– გახარიასგანაც სწორედ ამას მოითხოვენ, თუ ის არ არის ივანიშვილის პროექტი, მაშინ მკვეთრად უნდა დაარტყასო.

– ამას ამბობს მხოლოდ ის ხალხი, ვინც ვერ იტანს გახარიას ან ეშინია მისი, თორემ გახარია ძალიან ჭკვიანურად იქცევა. მას არაფერში სჭირდება ივანიშვილზე დარტყმა. გახარიას ათასჯერ ურჩევნია, რომ პირველმა სწორედ ივანიშვილმა დაარტყას. მე მომწონს გახარიას სტრატეგიული ნაბიჯები.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა