“იგეგმებოდა გახარიას 18 თანაგუნდელის გამოსვლა უმრავლესობიდან” – მირიან მირიანაშვილი

"იგეგმებოდა გახარიას 18 თანაგუნდელის გამოსვლა უმრავლესობიდან" - მირიან მირიანაშვილიპოლიტიკური გაერთიანება „ერის“ თავმჯდომარე მირიან მირიანაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გაზაფხულზე უნდა მომხდარიყო საშემოდგომო არშემდგარი რევოლუციის ახალი რედაქცია:

– დანამდვილებით იგეგმებოდა გახარიას 18 თანაგუნდელის გამოსვლა პარლამენტის უმრავლესობიდან. საბოლოოდ, 6 ადამიანი გამოვიდა უმრავლესობიდან. უმრავლესობა იშლებოდა, იქმნებოდა ხელოვნური კრიზისი და რევოლუციური სიტუაცია. ამის პარალელურად „დაჩაგრული მელიას“ დასაცავად განზრახული იყო დაქირავებულების გამოყვანა ქუჩებში. გახარია რუსეთის გარეშე ერთ ნაბიჯს არ დგამს. ეს ფაქტია. პირადად მე მაქვს ინფორმაცია ამ სცენარში რუსეთის ჩართულობის შესახებ. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა დონეზე იყო ჩართული რუსეთი საგაზაფხულო რევოლუციურ სცენარში, რომელიც საქართველოს აშშ-ის ელჩმა ააცილა. გამოძიებამ გაარკვიოს, ვინ ვის აძლევდა მითითებებს.

– გახარიას ზოგიერთი ექსპერტი პროდასავლელ ლიდერად თვლის.

– ეგ ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ გიორგი გახარიას საამაყო „სივი“ მამამისმა მიიტანა უწყებებში. იმასაც გაიძახიან, რომ თვითონ მიჰყვნენ ბიზნესომბუდსმენის ოფისში. ეს ხომ ცინიზმია! გახარია მოსკოვში მუშაობდა აეროპორტის ტერმინალში. აეროპორტის თანამშრომლები, მუშით დაწყებული, მენეჯერით დამთავრებული, წარმოადგენს რუსეთის უშიშროების ნომენკლატურას. ისეთი რა უნარ-ჩვევები და ბიოგრაფია აღმოჩნდა გახარიას, რომ ბიზნესომბუდსმენიც გახდა, ეკონომიკის, შს მინისტრიც და პრემიერიც?! გახარია მონაწილეობდა საგაზაფხულო სცენარში, ოღონდ მაშინ მისი მხრიდან პარტიის შექმნა არ იგეგმებოდა. მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილი დააკავებდა მელიას, „გმირი“ და მომრიგებელი გახარია ტრიუმფალურად ბრუნდებოდა ძალაუფლებაში. ეს რუსეთის ერთ-ერთი ბოლო გაბრძოლება იყო. კრემლმა დაინახა, რომ აშშ და მისი საელჩო საქართველოში დესტაბილიზაციას არ უშვებენ.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა