“რა სჭირს მიხეილ სააკაშვილს ღლაპი გოგიტა ვაშაძის შესაცვლელი?!” – გიორგი ბარამიძე

"რა სჭირს მიხეილ სააკაშვილს ღლაპი გოგიტა ვაშაძის შესაცვლელი?!" - გიორგი ბარამიძენაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე  “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გიორგი ვაშაძე ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ ინტერესებს ემსახურება.

– „ოცნებას“ რატომ აწყობს ის, რომ ვაშაძემ ასე ილაპარაკოს?

– იმიტომ აწყობს, რომ ოპოზიციონერად აღქმული ადამიანი მთავარ ოპოზიციურ პარტიას ესხმოდეს თავს. აბა რა აწყობს „ქართულ ოცნებას“, თუ არა ეს?!

– ის ამბობდა, 2 წელი შევალიე მუშაობას ნაცმოძრაობასთან და 2 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილში ვერ შევცვალე რევანშისტული რიტორიკაო. ამაზე რა პასუხი გაქვთ?

– რა კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობდა?! რა სჭირს მიხეილ სააკაშვილს ღლაპი გოგიტა ვაშაძის შესაცვლელი?! გოგიტა ვაშაძის შესაცვლელია სააკაშვილი?! თვითონ თუ ვერ ხვდება, რამდენად სულელურ მდგომარეობაში იყენებს თავს, იმედია, რომ მერე მაინც მიხვდება, როდესაც საზოგადოების რეაქციას გაიგებს.

როდესაც ადამიანი განცხადებას აკეთებს, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იყოს პოლიტიკაში და ეს მიაჩნია მას პუტინისტური რეჟიმის დამარცხების ფორმულად, ეს იმდენად აბსურდულად ჟღერს, რომ ამაზე მეტი აბსურდი ძნელი წარმოსადგენია.

არ ვაპირებთ ვაშაძეზე ფიქრსა და ორიენტაციას, ის რას იზამს და რას არ იზამს. ეს არ გვაინტერესებს. ეს არ არის ჩვენი ამოცანა. ეს ადამიანი ჩვენთვის საინტერესო არ არის.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა