მარგველაშვილი – „პრემიერმა ღარიბაშვილმა ნაცების ცემისკენ რომ მოუწოდა ხალხს, მისი გაჩერება შევძელი“

მარგველაშვილი - „პრემიერმა ღარიბაშვილმა ნაცების ცემისკენ რომ მოუწოდა ხალხს, მისი გაჩერება შევძელი“საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ 5 ივლისს მოძალადე ჯგუფების მიერ ჟურნალისტების დარბევა ჩვეულებრივი სტანდარტული ფორმაა, რომლითაც „ოცნების“ ეს გუნდი ურთიერთობს თავის მოქალაქეებთან:

– პრემიერ ღარიბაშვილის ბიოგრაფიაში ეს არ ყოფილა პირველი მოწოდება. როდესაც პრეზიდენტი ვიყავი – არ მახსოვს, 2014 წელი იყო თუ 2015, მაშინ მან ახსენა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებს გასწორებოდნენ დაზარალებული და აღშფოთებული მოქალაქეები. ეს ხდებოდა მთავრობის სხდომის დროს. მაშინ მე მივხვდი, რომ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების რისკის ქვეშ დგებოდა. მაშინ საგანგებოდ მოვიწვიე ყველა პარტია რეზიდენციაში.

მაშინ მე შევძელი ამის პრევენცია, როდესაც ის მოუწოდებდა შეურაცხყოფილ მოქალაქეებს, გასწორებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს ქუჩაში.

– რას იტყოდით ამ ვითარებაში საპატრიარქოზე?

– ეს დღე ასევე ძალიან მძიმე დღე იყო ეკლესიისთვის და საერთოდ ქრისტიანი მრევლისთვის, ვინც აღმსარებლები ვართ. ჩვენი იდეოლოგიით ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი ქმედებების განხორციელება იყო. რაც ხდებოდა, ეს ძალიან მძიმე ცოდვაა ქრისტიანული კატეგორიით. პრაქტიკულად იყო სულიწმინდის გმობა. იმიტომ, რომ სულიწმინდის გმობაა, როცა ადამიანებზე ძალადობ რელიგიის სახელით.

საპატრიარქოდან რა განცხადებებიც გვესმის, ძალიან ძნელი გასარჩევია, საპატრიარქოს რომელი წარმომადგენელი რას საუბრობს, მაგრამ ამაზე აღარ მაქვს საუბარი. მე ვსაუბრობ ჩვენ სასულიერო პირებზე, რომელთაც მართლა სწამთ ჩვენი სარწმუნოების. სწამთ ის, რომ მაცხოვარი სწორედაც რომ ადამიანების გადასარჩენად ეწამა. იმისთვის, რომ საყოველთაო სიყვარული და მონანიება მოეტანა მათთვის. რანაირად შეუძლიათ დღეს, რომ ხმა არ აიმაღლონ და არ თქვან ქრისტიანული სიმართლე, რომ ის ყველაფერი, რაც ხდებოდა, მარტო მამუნას სახელით იყო გამოსული ის ხალხი, ვინც ქუჩაში არბევდა მოქალაქეებს.

ქრისტიანობა სიმართლის თქმას ნიშნავს. ველი, რომ ასეთი ადამიანები გამოჩნდებიან. იმიტომ, რომ ბევრი ადამიანია, ვინც მართლა სასოებით ქადაგებს ქრისტიანობას.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა