“მეგი ბაქრაძე ჩემმა ძმამ მოიტაცა და ახალციხეში ჩემთან მოიყვანა… ოჯახი თავზე ჩამოგვექცა” – თამარ კობახიძე

"მეგი ბაქრაძე ჩემმა ძმამ მოიტაცა და ახალციხეში ჩემთან მოიყვანა... ოჯახი თავზე ჩამოგვექცა" - თამარ კობახიძეკოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის მული, თამარ კობახიძე, ,,სარკესთან” ამბობს, რომ მსოფლიოში ყველაზე ენერგიული და საუკეთესო რძალი ჰყავდა, რომელიც ექიმების უყურადღებობამ და გულგრილობამ შეიწირა.

თამარ კობახიძე: ვისაც კი მეგი ერთხელ მაინც ჰყავს ნანახი, იცის, როგორი პოზიტიური ადამიანი იყო. ის იყო სიკეთის განსახიერება, შრომისმოყვარე გოგო. ჩემი რძალი კი არა, ჩემი და იყო მოყვანის დღიდან.

ჩემმა ძმამ მოიტაცა და ჩემთან მოიყვანა, ახალციხეში. ერთმანეთი უყვარდათ. მეორე დღეს წავედით სოფელში და ყველაფერი კარგად დამთავრდა. ძალიან ბედნიერები იყვნენ. პატარა იყო და ყველა ყველაფერს ვაკეთებდით, რომ თავი კარგად ეგრძნო. რამდენად გამოგვდიოდა, არ ვიცი, მაგრამ ჩანდა, რომ ბედნიერი იყო.

დედაჩემი ძალიან დიდ პატივს სცემდა. დედას ვეუბნებოდი, მგონი, ჩემზე ძალიან მეგი გიყვარს-მეთქი.

ორივე შვილი საკეისრო კვეთით გააჩინა. ჩემი ძმაც ძალიან ყურადღებიანია და გართულებები რომ თავიდან აეცილებინა, თბილისში ამშობიარა ორივეჯერ.

ჩემი ძმა ნახევარიღაა დარჩენილი, ცოცხლებში აღარ წერია. თბილი და ტკბილი ოჯახი გვქონდა. ორივე ძმა გვერდიგვერდ ცხოვრობენ და იქიდან მუსიკისა და სიმღერის ხმის მეტი არაფერი გამოსულა.

აცრის შემდეგ ჩაწერილი ვიდეო რომ ვნახე, გაოცებული დავრჩი. ვისაც ერთხელ უნახავს  თვალჟუჟუნა მეგი, მაშინვე მიხვდებოდა, რომ თვალები შეშლილი ჰქონდა, სახე წაშლილი. ცახცახებდა.

ჩვენი დიდი და მხიარული ოჯახი თავზე ჩამოგვექცა და გავუბედურდით. იმედია, ისე არ ჩაიფარცხება ეს საქმე, როგორც ბევრი სხვა საქმე მიუფუჩეჩებიათ.