ნანა აკობიძემ ფეისბუქში დაწერა:
“ფინალში ქართველი ჭიდაობს, უყურეთ”! – პარიზიდან მივიღეთ დირექტივა, შვილისგან. დავსხედით, ვგულშემატკივრობ ამ ჩვენს ოქროს ბიჭს, მარგველაშვილს. მისი იაპონელი მეტოქის და ნახევარი საათის წინ გამხდარა ოლიმპიური ჩემპიონი და ახლა ძმას ამხნევებს. დაგვანახეს ეს გოგო და ახლა უნდა დავწერო სიმართლე: ვიგრძენი, რომ მათ მხარეს ვარ!
შავ დღეში ჩავვარდი: თან ოქრო მინდა ჩვენთვის, თან ამ გოგოს ძმამ მინდა გაიმარჯვოს – თავისთვის ან იაპონიისთვის კი არა (რას მადარდებს იაპონია), კონკრეტულად მისი დისთვის!
“ახლა, ამ წამს თუ ჩემი ძმაც არ გაიმარჯვებს, კაპიკია ჩემი ჩემპიონობა!”- ეწერა ამ გოგოს სახეზე, იმიტომ გავხდი “მისიანი” და გულით გავიზიარე მისი სიხარული, ისედაც ლამაზი გოგო, ასე ღვთაებრივად რომ გააბრწყინა და გაანათა ძმის ოქრომ!
მე ძმა არ მყავს, მაგრამ ჩემს გოგო-შვილს ჰყავს ძმები და ალბათ, იმ წამს ამ იაპონელი გოგოს ადგილზე ჩემი გოგო- შვილი წარმოვიდგინე, ტატამზე კი – მისი რომელიმე ძმა, უფრო სწორად _ ის ძმა, ვისთანაც ტყუპივითაა შეზრდილი და 17 წლიდან უცხოეთში სასწავლებლად ერთად წასულები, ერთად “ჭიდაობენ” სხვადასხვა წონით და შინაარსით კატეგორიებში, ერთმანეთს ამხნევებენ, შეუძახებენ და დასცხებენ კიდეც.
ერთის წარმატება აბევრებს მეორის წარმატებას და წარუმატებლობა კი ანახევრებს, აუფასურებს.
გილოცავთ და ვულოცავ ვაჟა მარგველაშვილს ოლიმპიურ ვერცხლს – მომეტევოს ეს წამიერი “ორგულობა”! ““

