„ოცნებას“ მხოლოდ 2 რეიტინგული პერსონა ჰყავს – ღარიბაშვილი და კალაძე”

„ოცნებას“ მხოლოდ 2 რეიტინგული პერსონა ჰყავს - ღარიბაშვილი და კალაძე"„მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე სოსო შატბერაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ თბილისის მერობის კანიდატებს შორის ყველაზე ძლიერია კახი კალაძე:

– მის კონკურენტად განვიხილავ ნიკა მელიას. არ გამოვრიცხავ მეორე ტურს. „ქართული ოცნებისა“ და მისი წევრების ამომრჩეველი არა ვარ, თუმცა დარწმუნებული ვარ კახა კალაძის გამარჯვებაში. ის ახლაც მერია და მართლა მუშაობს. ის არის რეიტინგული. „ოცნებას“ ამჟამად სულ ორი რეიტინგული პერსონა ჰყავს – კალაძე და ღარიბაშვილი. კალაძეზე გითხარით, სხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში კი „ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება.

– შეიძლება, 43%-იანი ბარიერი ვერ გადალახოს?

– შეიძლება, ვერ გადალახოს. „ოცნებას“ კადრებში ძალიან უჭირს. ეს ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როცა პრეზიდენტობის კანდიდატად  გიორგი მარგველაშვილი დაასახელეს და შემდეგ აირჩიეს. არც სალომე ზურაბიშვილი ყოფილა რეიტინგული და პოპულარული. ის ახლაც იწვევს გაღიზიანებას თავისი არაგონივრული განცხადებებითა და სკანდალური შეწყალებებით.

– თქვენ ღარიბაშვილის რეიტინგზე საუბრობთ, ამ დროს ბევრი მოითხოვს მის გადაყენებას.

– პრემიერების ხშირ ცვლას მიჩვეული ვართ. ეს არ არის სტაბილურობის ნიშანი. ჩვენ ხშირად ვხდებით სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის მომხრეები. ამაში მონაწილეობს როგორც „ქართული ოცნება“, ისე ნაციონალური მოძრაობა და მისი გარემოცვა. კეზერაშვილმა რომ უკანონო ფული იშოვა და გაიტანა ქვეყნიდან, ცნობილია. ეს კაცი თავდაცვის მინისტრადაც კი დანიშნა სააკაშვილმა. ხელისუფლებამ ჯერ მასზე და მის ფინანსებზე თვალი დახუჭა, შემდეგ კი, როცა დასჭირდა, ყველაფერი გაიხსენა. ეს სწორი არ არის.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა