ლანა ღოღობერიძე – “20 წლის ასაკში 13 წლით უფროსი და ცოლიანი მამაკაცი შემიყვარდა”

ლანა ღოღობერიძე - "20 წლის ასაკში 13 წლით უფროსი და ცოლიანი მამაკაცი შემიყვარდა"კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ მომავალი მეუღლე, ლადო ალექსი-მესხიშვილი ბაკურიანში გაიცნო. ის მასზე 13 წლით იყო უფროსი და ოჯახი ჰყავდა.

ლანა ღოღობერიძე:

“20 წლის ასაკში თავს დამატყდა მთელი ჩემი ცხოვრების განმსაზღვრელი დიდი, ყოვლისმომცველი და საკვირველი გრძნობა…

წლების განმავლობაში გვქონდა ურთიერთობა. რამდენჯერმე გადავწყვიტეთ, რომ უნდა დავშორებულიყავით, თანაც ვატყობდი, რომ ლადოსთვის არ იყო იოლი მისი ოჯახიდან წამოსვლა.

ერთ-ერთი ხანგრძლივი დაშორების შემდეგ საბოლოოდ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია, თავის მოტყუებას აზრი არ აქვს და ჩვენც შევუღლდით… მერე გაჩნდნენ ქეთი და ნუცი.

ლადო უამრავ დროს უთმობდა თავის პატარა შვილებს. ვინ იცის, იქნებ გრძნობდა, რომ, განგების ძალით, სულ ცოტა დრო რჩებოდა ბავშვებთან ურთიერთობისთვის და მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება თავისი უმცროსი შვილებისადმი ამითაც იყო განპირობებული. მძაფრად მგრძნობიარე ადამიანის წინათგრძნობა ხომ ერთ-ერთი ისეთივე აუხსნელი ფენომენია, როგორიც ბევრი სხვა რამ ჩვენს სამყაროში”.

ლადო ალექსი-მესხიშვილი 1978 წლის 6 ივნისს, 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.

– ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” მთავარ გმირს მუდმივად ახსენდება ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან. ყველაზე ხშირად რა ეპიზოდები გახსენდებათ თქვენი ცხოვრებიდან?
– დედის დაპატიმრება და დედის დაბრუნება გადასახლებიდან. ეს იყო საკვანძო ეპიზოდი ჩემს ცხოვრებაში. ძალიან მიყვარს ის ეპიზოდი ფილმში, როდესაც სოფიკო ჭიაურელი ხედავს ქუჩაში ახალგაზრდა ქალს, რომელიც სრულიად ცვლის მის ცხოვრებას. როდესაც მირბის, როგორ უყურებს, როგორ მიყვება. ბოლოში ცოტათი რომ ეღიმება. ამ ღიმილშია ყველაფერი – სიმწარე, ტრაგიზმი და აღიარება იმის, რომ ის არის მშვენიერი და ახალგაზრდა და ეხლა მას ეკუთვნის ცხოვრება.

ძალიან გაუჭირდა ამ ეპიზოდის თამაში სოფიკოს. ერთადერთი შეთხვევა იყო, სადაც მეწინააღმდეგებოდა. ვერ წარმომიდგენია, ეს როგორ ვითამაშო, რადგან ეს დამცირებაა, როდესაც მისდევ ადამიანსო. ბევრი ვისაუბრეთ ამაზე. მე ვეუბნებოდი, რომ აუცილებელია ადამიანმა გაიაროს დამცირების ეტაპი, რომ დადგეს კათარზისი მის ცხოვრებაში, რადგან თუ ასეთ რამეებს არ განიცდი, ცხოვრება ძალიან ღარიბია. ეს საბოლოოდ აღიქვა სოფიკომ და ვფიქრობ, შესანიშნავად ითამაშა.

კვირის პალიტრა, მასწავლებელი