რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი თანამდებობიდან გადააყენეს

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი თანამდებობიდან გადააყენესრუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ლევან ონიანს იმპიჩმენტი მოუწყეს და ის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენეს.

გადაწყვეტილება კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, საკრებულოს წევრებმა ცოტა ხნის წინ მიიღეს.

ლევან ონიანის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი საკრებულოს 16 წევრმა დაუჭირა, ხოლო 2 წინააღმდეგ წავიდა, აქედან ერთ-ერთი თავად ონიანი იყო.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, მათ სხდომათა დარბაზი ხმის მიცემის პროცედურამდე დატოვეს.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, ყოფილ თანაგუნდელებზე განაწყენებულმა ონიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არ იყო სხდომა, ეს იყო – თეატრი.

“ერთი მაგალითიც კი ვერ მომიყვანეს, მე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეს, რა დანაშაული მქონდა. დავტოვე პოლიტიკური თანამდებობა, მაგრამ ეს რა შუაშია საკრებულოს თავმჯდომარეობასთან. ეს იყო უბრალოდ ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია. ეს არ ყოფილა სხდომა, იყო ჩვეულებრივი თეატრი. როდესაც მომავალი საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო ქავთარაძე განცხადებას აკეთებს პირდაპირ, რომ მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს ემოციურ ფონზე, სასაცილოც აღარაა, სატირალია”, – განაცხადა ონიანმა.

ნინო ქავთარაძემ, რომელიც, სავარაუდოდ, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს, ონიანს სხდომის მიმდინარეობისას უთხრა, რომ გადაწყვეტილება გარკვეულწილად მიიღეს ემოციურადაც, რადგან მათ აკავშირებდათ მეგობრობა და მისი გუნდიდან წასვლის შესახებ მხოლოდ სოციალური ქსელის საშუალებით შეიტყვეს, თუმცა ქავთარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საერთო ჯამში, უმრავლესობის მხრიდან ეს იყო სუფთა პოლიტიკური ნაბიჯი.

“მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა ლევანმა დაიხვია ხელზე სიტყვა ემოციური, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნებოდა მისი მხრიდან ქართული ოცნების დატოვებას. ის გუნდი, რომელიც დღეს წარმოვადგენთ რუსთავის საკრებულოში ქართული ოცნების უმრავლესობას, არ ვიქინებოდით მართალი პოლიტიკურად, არც ერთმანეთთან და არც ჩვენი პრინციპების წინაშე, რომ გვყოლოდა თავმჯდომარე, რომელმაც დატოვა გუნდი ჩვენთან შეუთანხმებლად. ალბათ ყველა ასე მოიქცეოდა”, – განაცხადა ნინო ქავტარაძემ.

შეგახსენებთ, 12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ონიანმა “ქართული ოცნება” დატოვა და სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილე სოსო გოგაშვილთან ერთად “სახალხო პარტიას” შეუერთდა.

ონიანმა მმართველი გუნდის დატოვების მიზეზად საკადრო პოლიტიკა დაასახელა და განაცხადა, რომ ქართული ოცნების სათავეში ის ადამიანები მოექცნენ, ვინც 2012 წელს მათ ებრძოდა.

ინფორუსთავი