“ამერიკაში ქართველები მომადგნენ, კაი ბიჭებს ფული უნდა მისცეო” – როგორ არეკეტებენ ქართველ ემიგრანტებს

"ამერიკაში ქართველები მომადგნენ, კაი ბიჭებს ფული უნდა მისცეო" - როგორ არეკეტებენ ქართველ ემიგრანტებსუცხოეთში სამუშაოდ წასულ ქართველ ემიგრანტებს ხშირად ქართველი კრიმინალები აწუხებენ.

გიგა, 37 წლის:
– რამდენიმე წელია, ამერიკაში ვცხოვრობ. უკრაინულ სამშენებლო კომპანიაში ჩემი ბრიგადა მყავს, ქართველი ბიჭები. ჩემი ძმა გერმანიაშია, ამავე საქმეს აკეთებს და პატარა ქართული სამზარეულოც აქვს. რამდენჯერმე მოვიდნენ ქართველები, რომლებმაც მთხოვეს, “კაი ბიჭები” არიან ჩამოსული, სანამ რამე იქნება, ფული სჭირდებათ, ხელი გაგვიმართე და ვალში არ დაგრჩებითო.

ჩემს ძმასთან დავრეკე და მითხრა, კაპიკი არ მისცე, თორემ ვეღარასდროს მოიშორებ, ახლა თუ თხოვნით გელაპარაკებიან, მერე მუქარაზე გადავლენო. ცოტა ხანში ისევ დამირეკეს, ვუთხარი, ფული არა მაქვს, მაგრამ ერთი-ორი კაცის დასაქმება შემიძლია-მეთქი. ძალიან იწყინეს, არ დაგავიწყდეს, რომ საქართველოში გყავს ოჯახიო. ვუთხარი, ამ ნომერს აქაურ პოლიციას გადავცემ და მოგხედავთ-მეთქი. იციან, რომ აქ პოლიციაც და სასამართლოც დამოუკიდებელია, დამნაშავე, ვინც უნდა იყოს, დაისჯება.

დავითი, 37 წლის, ევროპაში მცხოვრები ქართველი:
– ჩემს ახლობელს სასტუმრო აქვს. როცა კრიმინალებს ფულის გადახდაზე უარი უთხრა, სასტუმროს რესტორანში რამდენიმე ქართველი დაკუნთული სპორტსმენი მივიდა, მიმტანს რაღაცაზე აუშარდნენ, შემდეგ სტუმრებთანაც ჩხუბი დაიწყეს და იქაურობა დალეწეს. მერე მეპატრონეს დაურეკეს, სჯობს ჩვენს პირობებს დათანხმდე, თორემ ასეთი ამბავი ხშირად მოხდებაო. ჩემი ახლობელი არ შეეპუა, პოლიციას მიმართა, მაგრამ ასეთები ერთეულები არიან, ძირითადად ისინი, ვისაც საქართველოში ახლობელი ადამიანები აღარ ჰყავთ. ის ბიჭიც ოჯახთან ერთად ცხოვრობს ევროპაში, თორემ სხვებს საქართველოში მყოფი ოჯახის წევრებისთვის რამის დაშავებით ემუქრებიან. შეიძლება მისი მისამართი გაიგონ და ბინა გაუძარცვონ ან კიდევ უარესი, ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები.

კვირის პალიტრა