ბაია დვალიშვილი – “მურმან ჯინორიაზე ჩემი გათხოვება პროტესტი იყო”

ბაია დვალიშვილი - "მურმან ჯინორიაზე ჩემი გათხოვება პროტესტი იყო"მსახიობ ბაია დვალიშვილის პირველი მეუღლე მსახიობი მურმან ჯინორია გახლდათ.

ბაია დვალიშვილი 17 წლის იყო, როდესაც მურმან ჯინორიას გაჰყვა ცოლად, მაგრამ წყვილი ერთ წელში დაშორდა. ბაია დვალიშვილი პირველ სიყვარულს ასე იხსენებს.

„მაშინ, 17 წლის ასაკში, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ ერთად შემოვიდა – პირველი სიყვარული, თეატრი, მიშა თუმანიშვილი. ჩემი გათხოვება პროტესტი იყო – ოჯახში  დედა წყვეტდა ყველაფერს. მე სიტყვის გამოთქმის თავისუფლება არ მქონდა. ამიტომ გავთხოვდი, თუმცა ბანალურად და ძალიან მალე დამთავრდა – მე და მურმანი ერთ წელში დავშორდით.

ამბობდნენ, რომ ეს დედაჩემის ჩარევის გამო მოხდა, მაგრამ არა. ეს იყო დიდი გრძნობა, ოღონდ ძალიან დიდი ხნის წინათ იყო. მერე დიდხანს არხეინად თავისუფალი ვიყავი.

ბევრია ცხოვრებაში ისეთი რამ, რითიც შეიძლება მარტო მყოფიც დაკავდე და გაიზარდო. ამ ცხოვრებაში იმიტომ მოვდივართ, რომ უკან გაზრდილები დავბრუნდეთ. ამაში მხოლოდ წიგნის კითხვა არ იგულისხმება. უბრალოდ, საინტერესოდ უნდა იცხოვრო.

რაც შეეხება მეორე მეუღლეს, ჩამოყალიბებული „სტარაია დევა“ ვიყავი, 31 წლის. რეჟისორის, ნანა ხატისკაცის 60 წლის იუბილეზე მივედი და იქ გავიცანი მისი ბიძაშვილი, რეზო ხატისკაცი. მერე რეზომ დამირეკა და რომანტიკის და შეხვედრების გარეშე, ერთი თვეც არ იყო გასული, რომ ცოლად გავყევი”.

პრაიმ ტაიმი