“ივანიშვილს 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთში წასვლა უნდოდა”

"ივანიშვილს 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთში წასვლა უნდოდა"ტვ პირველის “შაბათის ეთერმა” ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრების აუდიო მასალა მოიპოვა.

აუდიო ფაილები 2008 წლის სექტემბრით თარიღდება. საუბრები აგვისტოს ომის შემდეგ შედგა, მაშინ როცა  რუსი სამხედროები ჯერ კიდევ  შუაგულ საქართველოში იყვნენ. აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ივანიშვილს კრემლთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა და პუტინს შუამავლების საშუალებით ესაუბრებოდა.

რუსეთის ელჩის პოსტი საქართველოში ამ დროს ვიაჩესლავ კოვალენკოს ეკავა. ქვეყნიდან წასვლის წინ მას რამდენიმე ადამიანთან გამომშვიდობება უნდა, მათთან, ვისაც ყველაზე მეტად ენდობა და ვისაც კრემლის კაცად მიიჩნევს.

საელჩო კავშირზე ბიძინა ივანიშვილის ქართუ ბანკის მაშინდელ მაღალჩინოსანთან, გიგა ჩრდილელთან გადის და ივანიშვილს გამოსამშვიდობებელ საღამოზე იბარებენ.

საუბარში ისმის პირველი დავალება. გიგა ჩრდილელს ბიძინა ივანიშვილი სთხოვს რუსეთის საელჩოს მოუბოდიშოს იმისთვის, რომ გამომშვიდობებას პირადად ვერ ახერხებს, თუმცა ჰპირდება, რომ მჭიდრო ურთიერთობას მათი მოსკოვში გამგზავრების შემდეგაც შეინარჩუნებს.

ბიძინა ივანიშვილი აგვისტოს ომის შემდეგ, 1 თვეში, რუსეთის ხელისუფლებას უთვლის, რომ საქართველოს დატოვებას და რუსეთში გადაბარგებას აპირებს.

ჩანაწერში ჩრდილელთან საუბრისას, ივანიშვილი რუსეთის ელჩთან მიმართებაში იყენებს ფრაზას – “ბევრ რამეს შევაცვლევინებდი”, რაც ადასტურებს იმას, რომ ოლიგარქი განსაკუთრებული გავლენებით სარგებლობდა.

“ადრე რომ ჩამოსულიყო, ეს სისულელეები არ მოხდებოდა” , – ამბობს ივანიშვილი სატელეფონო საუბრისას.
ჩანაწერში ივანიშვილი ორჯერ მკაფიოდ ამბობს, რომ რუსეთში საცხოვრებლად გადასვლას აპირებს. თუმცა ვიდრე მოსკოვში არ გადაბარგდებოდა, არ უნდოდა რომ ამის შესახებ ვინმეს გაეგო,  მისი და პუტინის მჭიდრო კავშირები მანამდე გამოაშკარავებულიყო, ვიდრე საქართველოს არ დატოვებს.

ელჩ კოვალენკოს, რომელიც იძულებულია, ომის შემდეგ ქვეყანა დატოვოს, ბიძინა ივანიშვილი პატრონობას ჰპირდება და საქმიანი წინადადებებით შეხვედრას უკვე მოსკოვში უანონსებს.

გიგა ჩრდილელი მილიარდერის დავალებების შესრულებას მალევე იწყებს. ის რუსეთის საელჩოს წარმომადგენელთან კავშირზე გადის და როგორც ივანიშვილმა დაავალა, შეხვედრას საელჩოს ოფიციალურ პირებთან ათანხმებს.

ტვ პირველი გიგა ჩრდილელს დაუკავშირდა. მან დავალებების მიღება და კავშირი უარყო, თუმცა კოვალენკოსთან ნაცნობობა დაადასტურა.

ტვ პირველი