“ოცნება” გახარიას იმიტომ ლანძღავს, რომ მას წააღებინოს ოპოზიციის ხმები” – თორნიკე შარაშენიძე

"ოცნება" გახარიას იმიტომ ლანძღავს, რომ მას წააღებინოს ოპოზიციის ხმები" - თორნიკე შარაშენიძეექსპერტი თორნიკე შარაშენიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ  გახარიას არჩევნებზე ორნიშნა რიცხვის დადების იმედი აქვს.

– რამდენად შეუქმნის პრობლემებს კახი კალაძეს?

– საკითხავია, ვის წაართმევს ხმებს, ვის ხმებს წაიღებს? კალაძის თუ ოპოზიციონერი კანდიდატების? მელიას ვერ წაართმევს ხმებს, რადგან მას ყავს ამომრჩეველთა ერთგული არმია. თუმცა არის საკმაოდ ბევრი ნეიტრალური ხმა, რომლის წაღებას მელია აპირებდა და აი, ამ ნეიტრალურ ხმებში მელიას და კალაძეს სწორედ გახარია შეეცილება. “ოცნება” სწორედ ამ თამაშს თამაშობს, ლანძღავს 24-საათიან რეჟიმში გახარიას და ამას იმიტომ აკეთებს, რომ მას წააღებინოს ოპოზიციონერების ხმები.

– ანუ “ქართულ ოცნებას” აწყობს, რომ გახარიამ დანარჩენ ოპოზიციას წაართვას ხმები?

– ცხადია, რომ აწყობს.

– თბილისში მეორე ტურის ალბათობას ხედავთ?

– ამის ალბათობა არსებობს, თუმცა ვნახოთ, ეს ერთთვიანი კამპანია როგორ ჩაივლის.

– რატომ შედგა გახარიას და კალაძის შეხვედრა?

– არ ვიცი. მე ერთი ვიცი, რომ მათ შორის არის კარგი ადამიანური ურთიერთობები.

– კალაძე და გახარია მომდევნო არჩევნებზე ხომ არ გაერთიანდებიან? 

– მიჭირს ამის თქმა ამ ეტაპზე, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ეს ორი ფიგურა არის გაცილებით უფრო დამოუკიდებელი, ვიდრე “ოცნების” ახლანდელი ლიდერები. მათ თვითონ შექმნეს თავის თავი და მერე მივიდნენ “ოცნებაში” და ნაკლებად არიან ჩამოკიდებული ბიძინა ივანიშვილზე. შესაბამისად, ესეც აერთიანებთ.

– უშვებთ, რომ მეორე ტური შესაძლოა გახარიასა და კალაძეს შორის იყოს?

– წესით, არა, რადგან ნაცმოძრაობის რეიტინგი იქნება მინიმუმ 22%.

– გახარია ამდენს ვერ აიღებს ამ ეტაპზე?

– არა, გამორიცხულია. გახარიას ამოცანა ამ ეტაპზე არის, ორნიშნა რიცხვი დადოს. 20% მისთვის სასწაული მიღწევა იქნება.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა