სოსო გოგაშვილი “ოცნების” წინააღმდეგ – “მთავრობა არჩევნებში ძალიან ბევრ შავ ფულს ხარჯავს”

სოსო გოგაშვილი "ოცნების" წინააღმდეგ - "მთავრობა არჩევნებში ძალიან ბევრ შავ ფულს ხარჯავს"შავი ფული არჩევნების გაყალბებისთვის – სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, სკანდალურ განცხადებას აკეთებს.

გოგაშვილმა “ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და ყოფილი თანაგუნდელების სქემაზე ისაუბრა.

– მივმართავ ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს, რომლებიც ბოლშევიკური სისტემის ტყვეობაში არიან. ეცადონ, რომ რაც შეიძლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატარონ, თუმცა ამაში მე დიდად დარწმუნებული არ ვარ. “ქართულ ოცნებას” ვეტყვი, რომ თუ მათ, უნდათ პოლიტიკურ ველზე დარჩნენ, ცვლილების შემდეგ პოლიტიკური სექტორი შეინარჩუნონ, ჯობია, ძალადობა შეასუსტონ და ეს სისტემა დაივიწყონ, რაც აქამდე იყო, – განაცხადა გოგაშვილმა.
მისი თქმით, თვითმმართველობის არჩვნებზე “ქართული ოცნება” დიდ ფინანსებს ხარჯავს, მათ შორის, შავ ფულსაც:

– ძალიან ბევრი ფული იხარჯება, გაცილებით მეტი, ვიდრე ეს ოფიციალურია, ეს არის შავი ფული. მინდა, მივმართო ამომრჩეველს, ეს თანხა თქვენთვისაა გამოყოფილი, თქვენ გეკუთვნით და თავისუფლად შეგიძლიათ, ხელი მოკიდოთ და აიღოთ, რადგან თქვენ გეკუთვნით, თქვენ გაგძარცვეს.

თითო ადამიანზე 300-დან 500 ლარამდეა გამოყოფილი, აქ არ იგულისხმება ადამიანი, ვინც მხარს “ოცნებას” უჭერს მხარს. ეს ფული გათვლილია მათზე, ვინც ყოყმანობს, არჩევნებზე არ მიდის, ან საშუალო განწყობისაა, – ამბობს გოგაშვილი.
“სახალხო პარტიის” ლიდერმა ამომრჩეველს მიმართა, რომ ფული აიღონ, საარჩევნო უბანთან კი ის შემოხაზონ, ვინც მათ შეხედულებებთან ახლოს დგას.

– მინდა, ხალხს, ამომრჩეველს, მივმართო – გატეხონ შიში, ნუ შეუშინდებიან იმ ძალადობას, სამსახურიდან გათავისუფლებისა და სოციალური დახმარების მოხსნის მუქარას. გაბედულად მივიდნენ საარჩევნო უბნებთან და შემოხაზონ ის, ვინც მათ იდეოლოგიასთან ყველაზე ახლოს დგას. ხმა მიეცით, ვისაც გინდათ და არა იმას, ვისზეც გაშინებენ, – თქვა გოგაშვილმა.

ტვ პირველი