თაკო ჩარკვიანი – “გომელაურს უნდა შევხვდე, რომ სააკაშვილის თვითმფრინავი მშვიდობიანად დაჯდეს აეროპორტში”

თაკო ჩარკვიანი - "გომელაურს უნდა შევხვდე, რომ სააკაშვილის თვითმფრინავი მშვიდობიანად დაჯდეს აეროპორტში"წერილი დავუგზავნეთ ყველა აკრედიტებულ დიპლომატს საქართველოში, ყველა ელჩს, მათ შორის ევროკავშირს, ეუთოს, ყველას – ვითხოვთ, ამუშავდეს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სააკაშვილთან მიმართებაში, – ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი განცხადებით, სააკაშვილის დასაბრუნებლად შექმნილ სახალხო მოძრაობაში 104 ათასი წევრია და მის დასახვედრად ნახევარი მაინც მივა.

„საერთო სახალხო მოძრაობა“ სააკაშვილის დასაბრუნებლად დარეგისტრირდა ოფიციალურად, 12 დღეა რაც არსებობს და 104 ათასი ხელმოწერაა უკვე. როდესაც რეგისტრირდება 104 ათასი ეს ძალიან კარგია, იდენტიფიცირებადია ყველა, მაგრამ 104 ათასი აქციაზე, ალბათ, არ გამოდის ხოლმე. ნახევარი მაინც მოვა, ჩვენ ვფიქრობთ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას აპირებს.

„ჩვენ ვემზადებით მშვიდობიანად, მეტსაც გეტყვით, გარკვეულ ადამიანებს კუთხეებში ვაყენებ, ხვალ გომელაურთან მინდა შეხვედრა, ოღონდ არა მარტო, მე ასეთ შეხვედრებზე ყოველთვის წესს და რიგს ვიცავ და მინდა, რომ დამსწრეც იყოს.

ბევრია ძალიან, ხვალამდე არ მინდა ამაზე ვისაუბრო. ახლაც, აი ამ წამს, ერთი ამბავია და მიდის მუშაობა. ხვალ 3 საათზე მე უკვე ჩანიშნული მაქვს ბრიფინგი და ხვალ დილიდან მე უკვე მინდა, მასთან მქონდეს კავშირი… ჩვენ გვინდა, რომ თვითმფრინავი დაჯდეს მშვიდობიანად, ვიცოდეთ, როგორ იმართება ეს ყველაფერი. თვითმფრინავი სადაც დაჯდება, ის რეისი უნდა იყოს გარანტირებული“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

იპნ