„მე ხმას ვაძლევ გრძნობას, სიყვარულს, იმერეთის განსაკუთრებულ ბუნებას, ცას, მთას, ბარს, სიმინდს, კეჟერა ფხალს“ – ეს დეპუტატობის კანდიდატის გიალო ნებიერიძის კომენტარია „ჩცდ“-დან. არჩევნების დღეს ჟურნალისტების კითხვას – ხმას ვის აძლევთო, რომ უპასუხა.
გიალო ნებიერიძე სერიალში პირველად ახლა, მე-18 სეზონზე გამოჩნდა. ის დეპუტატობის კანდიდატია და ხარაგაულში ბიზნესმენ ბაქარ ორჯონიკიძის კონკურენტი. მის როლს დევი დევიძე ასრულებს:
– მე და ამ სერიალის შემოქმედებით ჯგუფის წევრები წლებია, ერთად მოვდივართ – ვძმაკაცობთ, ვახლობლობთ, მათთან რაღაც პროექტებშიც ხშირად ვყოფილვარ. მერე ყველაფერი აირ-დაიარია და ჩვენ-ჩვენი გზით წავედით, მაგრამ კარგი გამარჯობა და სიყვარულის გარდა არაფერი გვქონია. ცოტა ხნის წინ ეკა მჟავნაძემ ცნობილმა ქასთინგმენეჯერმა მთხოვა, – პატარა „ქასთი“ ჩაგვიწერეო. ჩავწერეთ. ნახევარ საათში მითხრეს, – დამტკიცებული ხარო. მეგონა, პატარა როლი იქნებოდა, მაგრამ რომ გავიგე, რაში იყო საქმე, მაგრად „გამისწორდა“.
– საინტერესო სამუშაოა?
– ძალიან… სცენარისტს ქეთი დევდარიანს დიდი ხანია ვიცნობ, ნიჭიერი ადამიანია, ყოველთვის მაოცებდა მისი აზროვნებით. აქვე ვიტყვი ხუმრობით, რომ ორივეს გვარის ფუძე „დევია“…
– და შენი სახელიც დევია…
– (იცინის)… კი და შეუძლებელია, რაიმე ისე არ იყოს, როგორც საჭიროა.
– როგორი ტიპია გიალო ნებიერიძე?
– ასეთი დეპუტატობის კანდიდატი ბევრია. მომხვეჭელობა რომ ამოძრავებს, თავისთვის რომ ცდილობს, როგორ „გააკეთოს“ ფული და ალბათ ამასაც ეს ჩანაფიქრი აქვს! ასეთი ტიპია და ყველაფერზეა წამსვლელი. ამასთანავე მხდალია, მშიშარა, გაურკვეველიცაა, მაგრამ მიზანი აქვს დასახული და რაც არ უნდა მოხდეს, უნდა, რომ მიაღწიოს. ასეთი ტიპები არ მიყვარს.
ამბები