გიორგი გახარია კოალიციურ მთავრობაში ყოფნაზე უარს აცხადებს

გიორგი გახარია კოალიციურ მთავრობაში ყოფნაზე უარს აცხადებს,,ჩვენ არანაირ კოალიციებს ,,ნაციონალურ მოძრაობასთან” და ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიასთან, იმიტომ რომ ისინი ფაქტობრივად გაერთიანდნენ და ასევე არც ,,ქართულ ოცნებასთან” არ ვაპირებთ” – ასე ეხმაურება პარტია ,,საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის და თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას ინიციატივას კოალიციური მთავრობის შექმნაზე მუნიციპალიტეტებში, რომლის შესახებაც მელიამ 5 ოქტომბერს გადაცემა ,,რეაქციაში” ისაუბრა.

გახარიას თქმით, მის პარტიას ხალხმა მისცა მანდატი და ისინი იქნებიან გარანტორები იმისა, რომ გააკონტროლებენ, როგორც მმართველ ასევე ოპოზიციურ პარტიებს, ყოველგვარი კოლაიციების გარეშე.

,,ჩვენ ვაპირებთ შევასრულოთ ჩვენი ფუნქცია, მანდატი, რომელიც მოგვანიჭა ჩვენმა ამომრჩეველმა, ვიყოთ დამბალანსებელი ძალა, რომ არცერთ მათგანს არ მივცეთ ძალაუფლების კონცენტრირების საშუალება”, – განაცხადა გახარიამ.

მან ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას” რამდენიმე მუნიციპალიტეტში ,,ქართულმ ოცნებამ” წამყვანი პარტიის მანდატი მიანიჭა.

,,ქართულმა ოცნებამ” იმდენი გააკეთა, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას” რამდენიმე მუნიციპალიტეტში, დღეს წამყვანი მანდატი აქვს. თუმცა ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი იქნება, რადგანაც, ჩვენ შევეცდებით, რომ ძალთა ბალანსი არსებობდეს”, – განაცხადა გახარიამ.