პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ქუჩაში აქციების მეშვეობით ხელისუფლება არ იცვლება, თუ არ არის ორი პირობა – ხელისუფლება შიგნიდან უნდა ჩამოიშალოს და უნდა იყოს დასავლეთის მხარდაჭერა.
– დამიხსენით ციხიდან და 20 დღეში დავასრულებ ამ ხელისუფლებასო, თქვა სააკაშვილმა.
– როგორ უნდა გამოიყვანონ, საინტერესოა. მე რომ ხელისუფლების, უფრო სწორად, პრეზიდენტის ადგილას რომ ვიყო, სააკაშვილი კარგა ხნის შეწყალებული მეყოლებოდა და ვნახავდი, რას დაასრულებდა 2-3 კვირაში. სააკაშვილი ვერც ორ კვირაში ვერ დაასრულებს „ოცნებას“ და ვერც 2 წელიწადში.
– ხელისუფლება რატომ მიდის ასეთი გაჯიუტების გზით სააკაშვილთან მიმართებით?
– ხელისუფლება კიდევ უფრო არაკვალიფიციურია, ვიდრე ნაცმოძრაობა. უბრალოდ, ხელისუფლებას უმართლებს, რომ ხალხში კიდევ არის ნეგატიური განწყობა ენმ-ს მიმართ. ყოფნის, რომ ადმინისტრაციული რესურსებით, გაყალბებით და რამდენიმე პროცენტით მოიგოს, მაგრამ მოვა დრო და აღარ ეყოფა, არცთუ ისე შორსაა ეს დრო.
– მდინარაძემ გვითხრა, 40 დღე ძლებს ადამიანი მშიერი და ველოდებით 41-ე დღესო. რას ნიშნავს ეს?
– რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?! არანაირ ეთიკასა და კულტურაში არ ჯდება. კითხვა რომ არის, რა ხალხია, სად გაიზარდნენო, ისეა ზუსტად. ელემენტარული რაღაცები ეშლებათ, პოლიტიკის მიღმაა ეს. სულ არ მინდა სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, მაგრამ ასე არა… როგორ შეიძლება შიმშილობას მასხრად იგდებდე?!
ამათი ცხოვრების აზრი არის სააკაშვილთან ბრძოლა. რომ არ იყვნენ სააკაშვილი და ნაცები, გამოიგონებდნენ.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა