გიორგი ბარამიძე – “თვითმკვლელობის გარდა, პროტესტის ყველა ფორმისთვის მზად ვარ”

გიორგი ბარამიძე - "თვითმკვლელობის გარდა, პროტესტის ყველა ფორმისთვის მზად ვარ"– პროტესტისთვის შიმშილობაზე მწვავე და რადიკალური ფორმა არავის მოუგონია. თუ რამე არის, მზად ვარ მივმართო, გარდა თვითმკვლელობისა. ამიტომ, ვშიმშილობთ და გვაქვს მოლოდინი, რომ საზოგადოების უფრო მეტი არაპოლიტიზირებული ნაწილი ჩაერთვება მშვიდობიან ბრძოლაში.

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის  წევრმა, მოშიმშილე გიორგი ბარამიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

– კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით რეჟიმის მხრიდან პრეზიდენტ სააკაშვილისადმი განხორციელებულმა არადამიანურმა მოპყრობამ უკვე აჩვენა ამ რეჟიმის ნამდვილი სახე. უამრავი ადამიანი, რომელიც სააკაშვილის არათუ მომხრე, არამედ მოწინააღმდეგეც კი იყო, ითხოვს ადამიანურად მოიქცეს ხელისუფლება. ესენი კი გასცდნენ საღი აზრის ზღვარს. ამიტომ, ეს ბრძოლა არ არის ერთი და ორი პოლიტიკოსის ან პარტიის ბრძოლა, ეს არის უკვე საყოველთაო ბრძოლა.

რადიკალურად განწყობილი ბევრი ადამიანი ითხოვს, რომ სხვა მეთოდებს მიმართეთ, გარდა მშვიდობიანი და არაძალადობრივი პროტესტისაო. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ეს არის სწორედ პუტინის გეგმა, რასაც ახორციელებს ასევე ეს რეჟიმი.

შიმშილობაზე მეტად რადიკალური რა შეიძლება იყოს, შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა სასწორზე შეაგდო, ეს პროტესტის ყველაზე მძიმე ფორმაა. ამ ფორმას იმიტომ მივმართეთ, რომ ვაჩვენოთ ჩვენ საზოგადოებას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძალადობრივი ქმედებები. ჩვენ უნდა ვიყოთ საღი აზრის, კონსტიტუციისა და ეროვნული ინტერესების ჩარჩოებში, რომ საშუალება არ მივცეთ პუტინს და ამ მოღალატეობრივი გავრილოვის რეჟიმს, ქვეყანაში გააჩაღოს სამოქალაქო ომი, ამათ კი ეს აქამდე მიჰყავთ, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

იპნ