გიორგი კირთაძე – “ბათუმის საკრებულოში “ოცნებაში” გადასასვლელად დეპუტატ ფუტკარაძეს 100.000 დოლარს სთავაზობდნენ”

გიორგი კირთაძე - "ბათუმის საკრებულოში "ოცნებაში" გადასასვლელად დეპუტატ ფუტკარაძეს 100.000 დოლარს სთავაზობდნენ"ნაციონალური მოძრაობა სკანდალურ აუდიო ჩანაწერებს ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ბათუმის საკრებულოს დეპუტატს ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმებით ემუქრებოდნენ, ასევე სთავაზობდნენ 100.000 დოლარს.

რამდენიმე დღეში კი ნუგზარ ფუტკარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა.

საგანგებო ბრიფინგზე გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ საკრებულოში უმრავლესობის მოსაპოვებლად “ოცნებას” ენმ-ს ფრაქციიდან ერთი ადამიანის გადაყვანა სჭირდებოდა.

“ჩვენი ფრაქციის სხვადასხვა წევრებზე მიმდინარეობდა ზეწოლა, თუმცა ერთ-ერთი პირველი ვისზეც დაიწყო ზეწოლა და მოსყიდვის მცდელობა, ეს გახლდათ ბატონი ნუგზარ ფუტკარაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა და კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს და მთელ ქვეყანას, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.
კირთაძის თქმით, მასთან მოლაპარაკებას თორნიკე რიჟვაძის მამის, დათო რიჟვაძის დავალებით სათავეში ჩაუდგა ასლან აბაშიძის დროინდელი ორი ყოფილი ძალოვანი – ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე. ორივე მათგანს აჭარის რევოლუციის შემდეგ მოუწია აჭარიდან წასვლა და ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაბრუნდნენ ქალაქში.

– მათ არაერთი შეხვედრა გამართეს ნუგზარ ფუტკარაძესთან, ჩვენ ამის შესახებ საქმის კურსში ვიყავით, ბატონი ნუგზარი პირადად მე მაყენებდა საქმის კურსში ამ შეხვედრების შესახებ და მაშინ როცა ეს უკვე გაუსაძლის ხასიათს იძენდა ბატონმა ნუგზარმა თვითონვე გააკეთა ჩანაწერები, დარწმუნებული ვარ მეორე მხარეც ამ ჩანაწერებს აკეთებდა და ეს ჩანაწერები მომაწოდა პირადად მე, – თქვა კირთაძემ.
ჩანაწერებში კარგად ჩანს, როგორ სთავაზობდა ვაჟა თაბაგიძე 100 000-ს დოლარს გადასვლის სანაცვლოდ.

ენმ მამა-შვილი რიჟვაძეების გადადგომასა და დღეს გასაჯაროებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. ასევე, ისინი ითხოვენ ხელვაჩაურის ახლადარჩეული მერის გადადგომასაც, რომლის ბიძაც, ჩანაწერების მიხედვით,  ფუტკარაძის მიმართ ზეწოლაში ფიგურირებს.

ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა.

მთავარი