“ნაციონალებმა უნდა გადაწყვიტონ, მელია უნდათ თუ არა” – პაატა ზაქარეიშვილი

"ნაციონალებმა უნდა გადაწყვიტონ, მელია უნდათ თუ არა" - პაატა ზაქარეიშვილიექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობს.

– სააკაშვილი აქ, ციხეში ჩასაჯდომად არ ჩამოსულა. რა გეგმები აქვს ნაცმოძრაობას? ფაქტია, რომ რევოლუცია აღარ გამოვა.

– დიახ, არ გამოვა. აშკარაა, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური პარტიები ახდენენ თავისი შედეგების რევიზიას და გადაფასებას. არ იქნებოდა ურიგო, რომ ნაცმოძრაობამ ჩაატაროს ყრილობა, შეაფასოს რა ხდება და ყრილობამ მიიღოს გადაწყვეტილება, უნდათ თუ არ უნდათ ეს მელია. უნდა დასრულდეს ეს კინკლაობა, იყოს მელია, არ იყოს მელია. პარტიის სხვადასხვა წევრები სხვადასხვა მესიჯებს ისვრიან საზოგადოებაში, რაც აბნევს საზოგადოებას. მე არა ვარ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი და მათი ამომრჩეველი და საერთოდ არა ვარ კარგი წარმოდგენის ამ პარტიაზე, ნამდვილად. რაც უფრო მალე აორთქლდებიან ქართული პოლიტიკიდან, მით უფრო კარგია, მაგრამ ეს არის ჩემი სურვილი, რეალობა კი სხვა რამეა.

– და რეალობა რა არის?

– რეალობა არის ის, რომ ის ძლიერი პარტიაა და აპირებენ, ქვეყანას პრობლემები შეუქმნან “ქართულ ოცნებასთან” ერთად. არც “ოცნება” ჩამოუვარდება ნაცმოძრაობას ანტისახელმწიფოებრივი, არადემოკრატიული მეთოდებით ქვეყნის რყევაში, მაგრამ ეს რეალობა გვაქვს. ერთი უბედურება თუ “ქართული ოცნებაა”, მეორე უბედურება ნაციონალური მოძრაობაა. ეს ორი ძალა ბოროტების გამოვლინებაა. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ნაცმოძრაობას ჰყავს თავისი ამომრჩეველი და მათ წინაშე უნდა ჩამოყალიბდეს, რა უნდათ.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა