მამუკა გამყრელიძე – “ჩემთვის გამოცანაა, რატომ გააქრეს კახა კუჭავა პოლიტიკიდან”

მამუკა გამყრელიძე - "ჩემთვის გამოცანაა, რატომ გააქრეს კახა კუჭავა პოლიტიკიდან"ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ კახა კუჭავას საერთოდ პოლიტიკიდან გაშვება მისთვის გამოცანაა.

– იმედი მქონდა, რომ კუჭავას სხვა, უფრო ცოტა სერიოზულ პოზიციაზე ვიხილავდით, რადგან მომავალში ევროპასთან, ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ზომიერი პოლიტიკოსი იქნებოდა პრემიერის სავარძელში.

– ბევრი პროგნოზირებდა კუჭავას პრემიერობას, თუმცა ამ გადმოსახედიდან ეს აღარ ჩანს.

– დიახ, ნამდვილად არ ჩანს. ახლა ვხედავთ, რომ კუჭავა სადღაც, რაღაცა პროექტზე გაუშვეს. რა პროექტია, ვერ გეტყვით.  წარმოდგენა არა მაქვს.

– კუჭავა ჩამოალაბორანტეს?

– ჩამოალაბორანტეს თუ საერთოდ გააქრეს პოლიტიკური ველიდან, ესეც არ ვიცით.

– რატომ, ვერ გამოიჩინა ისეთი სიხისტე, როგორიც “ოცნებას” უყვარს? 

– დიახ, ასეა. როგორც ჩანს, მისი გამონათქვამები და ქცევა არ იყო შესაბამისი “ქართული ოცნებისთვის”. თუმცა ხელისუფლებას ცოტა ჭკუა თუ მაინც შერჩენია, სწორედ ასეთი პიროვნება სჭირდება. ახლა ურთიერთობის გაფუჭება ევროკავშირთან არის ძალიან საშიში, რადგან დაფინანსებები, დახმარება დიდწილად მოდის ევროკავშირიდან. ასეთ დროს სწორედ ასეთი ზომიერი პრემიერი იქნებოდა იდეალური, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ ეს როლი დააკისრეს პრეზიდენტს, რომელიც აბსოლუტურად არაფრის გადამწყვეტი არ არის, ის არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მიმღებ პერსონას.

– დასავლეთთან გააქტიურებულ ურთიერთობებს გულისხმობთ თუ ეროვნული შეთანხმების იდეის წამოწყებას?

– ეროვნულ შეთანხმებასაც ვგულისხმობ და დასავლეთის კუთხით მის გააქტიურებას, სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას. მშვიდობის მტრედის როლი დააკისრეს მას. თუმცა ვერავის ვერ მოატყუებ დასავლეთში, ამ სისულელეების არ სჯერათ. გადასარევად იციან, რომ ეს ადამიანი პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ისეთ ნაბიჯებზე, რისი გადაწყვეტის უნარი და კომპეტენციაც მას არ შესწევს.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა