გერმანიის მომავალმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა მინისტრთა კაბინეტის სოციალ-დემოკრატი წევრები დაასახელა.
შოლცმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე პოპულარული ექიმი, კარლ ლაუტერბახი წარადგინა. მომავალმა ჯანდაცვის მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას ყურადღება პანდემიის წინააღდეგ ბრძოლაზე გაამახვილა.
„პანდემიას უნდა ვებრძოლოთ, ის უფრო დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე ბევრი ფიქრობს, მაგრამ ჩვენ ამას დავძლევთ. მთავარ როლს ვაქცინაცია შეასრულებს, მაგრამ არა მხოლოდ ის. თავდაპირველად ჯანდაცვის სისტემას გავაძლიერებთ“, – აღნიშნა კარლ ლაუტერბახმა.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ პოლიტიკური მიმომხილველებისთვის, დიდი სიურპრიზი იყო ნენსი ფაეზერის წარდგენა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე. ფაეზერი, რომელიც ჰესენის მხარეში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერია, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ექსპერტების რადარზე არ გამოჩენილა და ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სამინისტროს ხელმძღვანელად მისი დანიშვნა მოულოდნელი იყო. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მოიაზრებდნენ ამჟამინდელ იუსტიციის მინისტრს, ქრისტინა ლამბრეხტს, რომელიც, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინეს.
მშენებლობისა და დასახლების მინისტრის თანამდებობას კლარა გეივიცი დაიკავებს. სვენია შულცე, რომელიც ანგელა მერკელის მთავრობაში გარემოს დაცვის მინისტრი იყო, მინისტრთა ახალ კაბინეტში განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, ჰუბერტუს ჰაილი კი – შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტს შეინარჩუნებს.
სოციალ-დემოკრატები მომავალ მინისტრთა კაბინეტში 17 თანამდებობიდან რვას დაიკავებენ, მათ შორის კანცლერის თანამდებობას, ხოლო დანარჩენი ცხრას კოალიციის პარტნიორები, მწვანეები და თავისუფალი დემოკრატები, გაინაწილებენ.
გერმანიის ახალი მთავრობა ფიცს ოთხშაბათს დადებს.
იპნ