თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანს – “თქვენ ხართ ივანიშვილის მონა ქალი იზაურა”

თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანს - "თქვენ ხართ ივანიშვილის მონა ქალი იზაურა"– შოუ კულტურის ნაწილია, მე შოუს მინისტრიც ვარ.

ასე მიმართა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში დეპუტატ თაკო ჩარკვიანს რეპლიკაზე, რომ წულუკიანი შოუს აწყობს.

წულუკიანმა სხდომაზე ჩართო ჩარკვიანის განცხადებების ჩანაწერების ფრაგმენტები, სადაც ჩარკვიანი სხვა ოპოზიციონერებზე ამბობდა, რომ პარლამენტში „შეპროწიალდნენ“ თავად კი საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებდა.

– რატომ შეპროწიალდითო? შეპროწიალდითო – რა სიტყვაა? – თუ შევედით, ივანიშვილის მონა ვიქნებითო – თქვენ ხართ ივანიშვილის მონა, „მონა ქალი იზაურა“ – ნანახი გაქვთ ალბათ. თქვენ ხართ ერთადერთი ყველაზე ოდიოზური ქალი ოპოზიციონერი, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჩარკვიანის კიდევ ერთი განცხადება კი, რომელიც თეა წულუკიანმა დარბაზში ჩართო, თავად მინისტრს ეხება და შემდეგი შინაარსისაა – როგორ იქცევა, ვიღაცას მიკროფონებს პარავს, სადღაც შეხტება, რაღაცას შვება. ბუჩქის ძირას ამოსული უკულტურო ია… ასეთ შეურაცხყოფას რომ გაყენებს მთელ საზოგადოებას, ის განა ქალბატონად იწოდება?“.

– ია რომ მეძახეთ, მადლობა. შეგეშალათ, მეც ესე მგონია. ღობის ძირას ამოსული ია ძალიან რომანტიკული და საყვარელია და თქვენ სხვა რაღაც უნდა გეთქვათ. თქვენ ისე ხდებით ძალიან ბევრი წლის, რომ ვერ აისრულეთ კულტურის მინისტრობის ოცნება. ეს არის თქვენი ქვეცნობიერი, რაც ჩემდამი აგრესიით განგაწყობთ. მე დღესაც მზად ვარ, დაგითმოთ ეს ადგილი. მობრძანდით და ვნახოთ ერთი, როგორ უხელმძღვანელებთ ამ უმნიშვნელოვანეს სისტემას. მაგრამ თქვენ უნდა დაელოდოთ, რომ გალიაში მჯდომი თქვენი ბელადი ხელისუფლებაში დაბრუნდეს. მანამდე ალბათ თქვენი გაკულტურების მინისტრობა და გაკულტურება, უპერსპექტივო ამოცანაა, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრსა და თაკო ჩარკვიანს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ჩარკვიანმა სხდომათა დარბაზი დატოვა.

იპნ