გედი ფოფხაძე – “პრეზიდენტის მიერ ინსპექტორის კანონზე ვეტოს დადება სწორი იქნება”

გედი ფოფხაძე - "პრეზიდენტის მიერ ინსპექტორის კანონზე ვეტოს დადება სწორი იქნება"“ოცნების” ყოფილი წევრი გედი ფოფხაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ ინსპექტორის კანონზე ვეტოს დადება მისი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იქნება.

– რა ლოგიკაა, რატომ ხდება ასეთი დაჩქარებული წესით ამ სამსახურს გაუქმება თუ რეფორმა, ასეც რომ იყოს?! რა მოტივაციაა ამ ყველაფრის უკან?! რაღაც დონეზე ხომ უნდა იყოს დასაბუთებული, რატომ?! მე გავიხსენებ კანონპროექტს “აზარტულ თამაშებთან” დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გაგვქონდა, მაგრამ ხმას არ იღებდნენ, წინააღმდეგნი იყვნენ, ახლა რომ დასჭირდათ, დაჩქარებული წესით მიიღეს. ასეთი ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ.

– კიდევ რა შეიძლება მოხდეს?

– ასეთი წარმატებით, ერთ მშვენიერ დღეს, სახალხო დამცველის ინსტიტუტიც შეუძლიათ გააუქმონ თუ მისი საქმიანობა არ მოეწონებათ. ისედაც ყველაფერი გაუქმებულია. სასამართლო არ გვაქვს, მარიონეტული სასამართლო გვაქვს. პარლამენტიც მარიონეტული გვაქვს. ეს ჩანს პარლამენტის ყოველდღიური ცხოვრებიდან. საკმარისია ივანიშვილის ერთი ზარი, რომ ქვეყანაში მართვის მოდელი რესპუბლიკა მონარქიით შეიცვალოს. დარწმუნებული ვარ, ეს პარლამენტი ამას უპირობოდ გააკეთებს.

თუ გახსოვთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის წინააღმდეგ გამოვიდნენ თითქოს დაჩი ბერაია და სხვები. ასეთი რამ გათამაშდება და ცვლილება თვალის დაუხამხამებლად იქნება მიღებული.

ეს პროვინციული დიქტატურაა. ასე იცის ვალდებულებების მოხსნამ და მხოლოდ უფლებების დატოვებამ. ამ დროს ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რათა გამოსავალი ვეძიოთ.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა