მურმან დუმბაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ბევრად უფრო ადრე დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია ოპოზიციაში.
– ასე რატომ ფიქრობთ?
– ადამიანების მოთმინების ფიალა ნელ-ნელა ივსება. თუ ხელისუფლებაში ვინმე ფიქრობს, რომ გაზის ან დენის გაზრდილ გადასახადს შეამცირებს და ამით ხალხის გულს მოიგებს და მშვიდად გააგრძელებს არსებობას, ძალიან ცდება.
– რა პროცესებია ხელისუფლების შიგნით? არის ვინმე, ვისაც პრაგმატულად შეიძლება უნდოდეს ოპოზიციასთან თანამშრომლობა?
– რა თქმა უნდა, არიან. პირველ რიგში ისინი, ვისაც პოლიტიკა ესმით და გაეგებათ.
– შეგიძლიათ დაასახელოთ ისინი?
– არა. შემიძლია გითხრათ ის, ვინც ფიქრობს, რომ ასეთი მკვეთრი დაპირისპირების ფონზე, გამარჯვებული არ არსებობს. ვისაც ესმის, რომ ამ დროს ორივე მხარე დამარცხებულია. ვისაც ესმის, რომ ამ ნანგრევებში თვითონაც მოჰყვება.
ერთი ფაქტი შემიძლია გითხრათ: როდესაც აბაშიძის ხელისუფლებას ვასრულებდით, ბოლო დღეებში იმ ხელისუფლების ძალიან ცნობილი პირები ოპოზიციის მხარეს გადმოვიდნენ. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ოპოზიციის ძალა იზრდება.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა