სააკაშვილის თხოვნით, ნაციონალებმა შიმშილობა შეწყვიტეს

სააკაშვილის თხოვნით, ნაციონალებმა შიმშილობა შეწყვიტესმიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მყოფი მოშიმშილეები მოინახულა და მათ მესამე პრეზიდენტის გზავნილი გააცნო.

მიხეილ სააკაშვილმა თხოვნით მიმართა მოშიმშილეებს, რომ იგი თავად მიმართავს შიმშილობას, თუკი ისინი არ შეწყვეტენ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აღნიშნა, მესამე პრეზიდენტის თხოვნას ითვალისწინებენ და შიმშილობას წყვეტენ, თუმცა ამავე დროს, ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადიან.

“მიხეილ სააკაშვილი განიცდის თითოეული მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და თავადაც იძულებული გახდება, რომ მანაც განაახლოს შიმშილობა, რისი დაშვების უფლებაც არ გვაქვს არცერთ ჩვენგანს, ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყება იქნება ფატალური შედეგის მომტანი და ამიტომ, თანამებრძოლებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავიდეთ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე, რომელიც იქნება მრავალფეროვანი და არაძალადობრივი, მანამ, სანამ ქვეყანაში სამართლიანობა არ გაიმარჯვებს და არ დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის სხვა ეტაპზე”, – თქვა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, ენმ-ის ოფისთან პარტიის ლიდერები, მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები 12 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის გამო, მათი ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ.

მთავარი