ბიბილოვმა დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად რუსეთიდან ჩასული გენერალი დანიშნა

ბიბილოვმა დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად რუსეთიდან ჩასული გენერალი დანიშნასამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა თავდაცვის მინისტრი და მისი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ბიბილოვი უკვე შეხვდა ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთიდან ჩასულ გენერალს, დე ფაქტო გენშტაბის უფროსს, ვიქტორ ფედოროვს და მას შესთავაზა ე.წ მინისტრის მოვალეობის შესრულება.

ოსური მედიის ცნობით, ბიბილოვმა განაცხადა, რომ ასეთ რთულ პერიოდში თავდაცვის სამინისტრო ლიდერის გარეშე არ უნდა დარჩეს.

„დღეს თავდაცვის მინისტრს არც ჯარისთვის და არც საბრძოლო მომზადებისთვის სცალია. ეს ჩანს მის ქმედებებში, უფრო მეტად უმოქმედობაში. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრ იბრაგიმ გასეევის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მისი მოვალეობების თქვენთვის დაკისრების შესახებ“, – მიმართა დე ფაქტო პრეზიდენტმა ვიქტორ ფედოროვს. მან ასევე თავისი განკარგულებით გაათავისუფლა დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილე ახსარ გასიევი.

„ჯარი არ უნდა დარჩეს ლიდერის გარეშე. ამავდროულად, პერსონალთან არ მიმდინარეობს სასწავლო და პატრიოტული მუშაობა, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის მოადგილის გასიევის გადაყენების შესახებ“, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

ბიბილოვმა მოითხოვა ოფიცრების შეკრება 26 თებერვალს, რათა პირადად შეხვდეს ხელმძღვანელობასა და ქვედანაყოფების მეთაურებს. ანატოლი ბიბილოვსა და იბრაგიმ გასეევს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც უკვე ყოფილმა ე.წ თავდაცვის მინისტრმა დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.

გასეევის საინიციატივო ჯგუფი ე.წ. ცესკომ უკვე დაარეგისტრირა. ამის შემდეგ ბიბილოვმა გასეევი გამოიძახა და დე ფაქტო არმიის მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოსთხოვა, თუმცა პასუხებმა არ დააკმაყოფილა. ამჟამად დე ფაქტო შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელად მან რუსეთიდან ჩასული გენარალ-მაიორი ვიქტორ ფედოროვი დანიშნა.

რადიო თავისუფლება