გიორგი ბარამიძე – “ივანიშვილის რეჟიმს ქუჩის გარეშე ვერ მოვიშორებთ”

გიორგი ბარამიძე - "ივანიშვილის რეჟიმს ქუჩის გარეშე ვერ მოვიშორებთ"“ახალ თაობასთან” ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გიორგი ბარამიძე პარტიის მომავალ საქმიანობაზე საუბრობს.

– ნაციონალური მოძრაობა ახლაც იმეორებს, რომ წნეხი უნდა იყოს ყველა ფლანგზე. უფრო მეტად გასააქტიურებელია ქუჩა.

– როდესაც ქვეყანა არის ოლიგარქიული ავტორიტარიზმის პირობებში, მაშინ ქუჩის გარეშე შეუძლებელია ამ რეჟიმის დამარცხება. ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ, რომ არჩევნებს ვითხოვთ და ვადამდელი არჩევნები გვინდა, ეს არ ნიშნავს, რომ ასე დავარცხნილად, ისე, როგორც შვეიცარიაშია არჩევნები, ასე წყნარად მოვიგებთ და ამას მშვიდად დათმობს ეს რეჟიმი ქუჩის გარეშე. არა, ამ რეჟიმს სჭირდება სერიოზული წნეხი და ზეწოლა საზოგადოების მხრიდან – ფიზიკურად ჩვენების საკუთარი პოზიციის. მშვიდობიანად, კონსტიტუციის ფარგლებში, ისე როგორც კანონმდებლობით არის დაშვებული.

არაძალადობრივი ბრძოლა არ ნიშნავს უხერხემლობას. არ ვეთანხმები ამ აზრს, რომ არაძალადობრივი აქციები უხერხემლოა და არაფრის მომტანი არ არის. მსოფლიო სახელმწიფოების ისტორია გვაჩვენებს, რომ არაძალადობრივი ბრძოლა ხშირად უფრო ეფექტიანიც კი იყო, ვიდრე სხვაგან მოუტანია შედეგი სხვა ტიპის გამოსვლებს. ამიტომ, მე მშვიდობიანი აქციების მომხრე ვიყავი და ვარ. გვაქვს მწარე გაკვეთილი, რაც მოხდა 30 წლის წინ და ეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ.

პუტინის გეგმის შემსრულებელი რუსული ოცნების წარმომადგენლები ცდიან საზოგადოების მოთმინებას – როდის მოხდება ისეთი რამ, რაც პუტინს სჭირდება, რომ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება მიიღონ. მაგრამ, ვისაც გვაქვს მრავალწლიანი გამოცდილება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ დავუშვათ და მშვიდობიანი ბრძოლით მოვიპოვოთ გამარჯვება, რაც ნიშნავს საქართველოს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ამ რეჟიმის ტყვეობისგან.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა