მამუკა მდინარაძე – “ხოშტარიას, ნათელაშვილს და ჯაფარიძეს პარლამენტიდან გავაგდებთ”

მამუკა მდინარაძე - "ხოშტარიას, ნათელაშვილს და ჯაფარიძეს პარლამენტიდან გავაგდებთ"საპარლამენტო უმრავლესობა ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ის საფუძვლები განმარტა, რაც სამი დეპუტატის მიმართ შესაბამის გადაწყვეტილებას იწვევს.

„უფლებამოსილების შეწყვეტა, ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან გაინტერესებთ. იცით, რომ სამი დეპუტატის უფლებამოსილებაზეა საუბარი. ორ შემთხვევაში საუბარია სამართლებრივ საფუძველზე – გაცდენებზე. მესამე შემთხვევაშია სასამართლოს მიერ დადასტურებულ დანაშაულზე. სამივე დეპუტატის მიმართ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს უფლებამოსილების შეწყვეტას და ეს იქნება ჩვენი ხვალინდელი გადაწყვეტილება“, – განაცხადა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის 15 თებერვლის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახულია დეპუტატების: ელენე ხოშტარიასთვის, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. პარლამენტი თავდაპირველად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნას განიხილავს, რომლის თანახმად, მათ მანდატი უნდა შეუწყდეთ. ამის შემდეგ საკითხი კენჭისყრაზე დადგება.

ელენე ხოშტარიასთვის და შალვა ნათელაშვილისთვის მანდატების შეწყვეტას მათ მიერ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა იწვევს.

რაც შეეხება “ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს, ამის ფორმალურ-სამართლებრივ საფუძველს მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს.

იპნ