4 მარტს ბიუროს სხდომაზე გაირკვევა, გაიმართება თუ არა 5 მარტს პარლამენტში პრეზიდენტის მოსმენა

4 მარტს ბიუროს სხდომაზე გაირკვევა, გაიმართება თუ არა 5 მარტს პარლამენტში პრეზიდენტის მოსმენა4 მარტს პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაინიშნა, სადაც გადაწყდება, გაიმართება თუ არა პლენარული სხდომა 5 მარტს, პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის მიზნით. რეგლამენტის მიხედვით, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს ისმენს.

ამასთან, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, პრეზიდენტის პარლამენტში მოსმენის თარიღი თავდაპირველად პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტს შორის კონსულტაციებისას თანხმდება. ამის შემდეგ შეთანხმებულ თარიღზე გადაწყვეტილებას ბიურო იღებს, რომელსაც პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის საკითხი დღის წესრიგში შეაქვს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს უკვე აცნობა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, პარლამენტში წლიური მოხსენებით 2022 წლის 5 მარტს წარდგეს. ამასთან, “ქართული ოცნების“ დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ სხდომა 5 მარტს არ ჩატარდეს და როგორც აცხადებენ, აღნიშნულ საკითხზე საჭიროა კონსულტაციები.

პარლამენტის ბიუროს სხდომა 4 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება.

იპნ