კალაძე – “უკრაინელ ხალხთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს, მას სოლიდარობას ვუცხადებ”

კალაძე - "უკრაინელ ხალხთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს, მას სოლიდარობას ვუცხადებ"მე უკრაინასთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. მინდა, კიდევ ერთხელ, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მერია უკრაინელი ხალხისთვის გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარების საკითხშიც ჩაერთვება. კალაძის თქმით, უკრაინელი მოქალაქეებისთვის გადაადგილებაც უფასო იქნება.

„მინდა, გამოვეხმაურო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. ნამდვილად შემაშფოთებელია იქ მიმდინარე ომი. უკრაინაში შეჭრა და სამხედრო მოქმედებების წარმოება არის მიუღებელი და რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება საერთო სამართლის წესებსა და ყველანაირ პრინციპებს. რთულია, ემოციების გარეშე უყურო ამ ყველაფერს და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვტკივა თითოეული დაკარგული სიცოცხლე, თითოეული ცრემლი და ჭრილობა. მე უკრაინასთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. გარკვეული წლების განმავლობაში, მომიწია უკრაინაში ცხოვრება და ძალიან დიდი სიყვარული მაკავშირებს უკრაინელ ხალხთან. მინდა, კიდევ ერთხელ, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ უკვე დაიწყო ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნა უკრაინაში, ქართველი ხალხის სახელით, რაც რა თქმა უნდა მისასალმებელია. ამავდროულად, ჩვენი ქვეყანა მკაფიო პოლიტიკურ მხარდაჭერას აფიქსირებს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, პარტნიორი ქვეყნის მიმართ. თბილისი და კიევი დაძმობილებული ქალაქები არიან და ჩვენ აუცილებლად ჩავერთვებით იმ ჰუმანიტარულ დახმარებაში, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახორციელებს. ეს შეიძლება ძალიან უმნიშვნელო იყოს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უკრაინელი მოქალაქეებისთვის იქნება უფასო“, – განაცხადა კალაძემ.

იპნ