მარგველაშვილი – “სააკაშვილი, მე და ზურაბიშვილი კონსტიტუციის დასაცავად უნდა გავერთიანდეთ”

მარგველაშვილი - "სააკაშვილი, მე და ზურაბიშვილი კონსტიტუციის დასაცავად უნდა გავერთიანდეთ"საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს საქართველო რუსეთს გადაუფორმოს და ამ პროცესში ყველა გააჩუმოს.

მისივე თქმით, სასამართლო მეგობრის ინსტიტუტს გამოიყენებს. მარგველაშვილი ფიქრობს, რომ კარგი იქნება თუ კონსტიტუციის დასაცავად 3 პრეზიდენტი გაერთიანდება.

“ჩვენ ვხედავთ კაპიტულანტური მთავრობის მცდელობას, რომ ყველა გააჩეროს და გააჩუმოს იმ პროცესში და ემზადებიან იმისთვის, რომ რუსეთს გადასცენ საქართველო, გადაუფორმონ და ამ ნოტარიულ აქტში ყველა უნდა იყოს გაჩუმებული. სხვანაირად, პოლიტიკურად ეს არაფერს არ შეიძლება ნიშნავდეს. აქედან გამომდინარე, მე გამოვიყენებ სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტს, ჩამოვაყალიბებ ჩემ პოზიციას, იმისთვის, რომ დავიცვათ კონსტიტუცია.

კარგი იქნება თუ ამ პროცესს შემოუერთდება პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სამივე შევძლებთ, რომ კონსტიტუციის დასაცავად გაერთიანდეს სამი პრეზიდენტი”, – თქვა გიორგი მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა და პრეზიდენტის გასაკრიტიკებლად ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა. მმართველი გუნდის აზრით, სალომე ზურაბიშვილის მიზანია კონსტიტუციის მიღმა იმოქმედოს.

“ოცნება” ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა იძულებულია უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.

მთავარი